„ჩვენი კონსტიტუციის 38-ე მუხლი ადგენს: „პარლამენტს, სრული უფლებამოსილებისთვის, ორი მესამედი სჭირდება...“

მოწოდებული ინფორმაცია

2020 წლის 14 დეკემბერს, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ერთ-ერთი ლიდერი კოტე კემულარია საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა.

„სამწუხაროდ, ჩვენ პარლამენტის ნაცვლად, შეზღუდული შესაძლებლობის საკრებულო მივიღეთ… ჩვენი კონსტიტუციის 38-ე მუხლი ადგენს:  „პარლამენტს სრული უფლებამოსილებისთვის, ორი მესამედი სჭირდება“. ანუ, გარდა თანამდებობების და ფულების განაწილებისა, პარლამენტი რომ ვერც ერთ სახელმწიფოებრივად უმნიშვნელოვანეს საკითხს ვერ განიხილავს, ეს არაფერია?“, – წერს კოტე კემულარია.

2020 წლის 15 დეკემბერს „ალიამ“ გამოაქვეყნა ინტერვიუ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ თანადამფუძნებელთან, ვალერი გელბახიანთან, რომელიც ახალი პარლამენტის ლეგიტიმურობას შეეხება.

„კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად, თუ პარლამენტში დეპუტატთა 2/3 არ არის, მაშინ პარლამენტის ლეგიტიმურობა საეჭვო ხდება. ასეთი პარლამენტი „არასრულფასოვანი იქნება“, ასე წერია კონსტიტუციაში“, – აცხადებს ვალერი გელბახიანი.

გადამოწმებული: 1tv.ge

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ერთ-ერთი ლიდერი კოტე კემულარია და პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ თანადამფუძნებელი ვალერი გელბახიანი საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის არასწორ ინტერპრეტირებას და  ციტირებას ახდენენ.

კონსტიტუციის 38-ე მუხლში წერია: „ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იმართება პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა. პირველ სხდომას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს“.

ანუ, ქვეყნის ძირითად კანონის მიხედვით, „პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან“, რაც მეათე მოწვევის პარლამენტის პირველივე სხდომაზე, 2020 წლის 11 დეკემბერს, შესაბამისი დადგენილების მიღებით განხორციელდა.

კოტე კემულარიას მტკიცებით კი, კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად, „პარლამენტს, სრული უფლებამოსილებისთვის, ორი მესამედი სჭირდება“.

ამასთან, კონსტიტუციის 38-ე მუხლში საერთოდ არ არის ნახსენები პარლამენტის „ლეგიტიმურობა“ და „არასრულფასოვნება“, როგორც ამას ვალერი გელბახიანი ამტკიცებს.

შესაბამისად, კოტე კემულარიას და პარტია ვალერი გელბახიანის მიერ ზემოთ მოყვანილი განცხადებები („პარლამენტს სრული უფლებამოსილებისთვის, ორი მესამედი სჭირდება“, ,„კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად, თუ პარლამენტში დეპუტატთა 2/3 არ არის, მაშინ პარლამენტის ლეგიტიმურობა საეჭვო ხდება და ასეთი პარლამენტი „არასრულფასოვანი იქნება“ – ასე წერია კონსტიტუციაში“),  არის საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის არასწორედ წარმოჩენა და სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით