ბიოლოგიური იარაღის დამზადება, საშიში ვირუსების გავრცელება, ხალხის მოწამვლა… რაში ადანაშაულებენ რუსები ლუგარის ლაბორატორიას
მოწოდებული ინფორმაცია
ლუგარის კვლევითი ცენტრი (ლაბორატორია) რუსეთის ხელისუფლების ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ დაადანაშაულეს ბიოლოგიური იარაღის დამზადებაში, საშიში ვირუსების გავრცელებაში, ხალხის მოწამვლასა და სხვა უკანონო ქმედებებში.
სულ ბოლოს, რუსეთის მხრიდან ბრალდებებს 2020 წლის 19 ივნისს ესპანურენოვანი la Vanguardia გამოეხმაურა.
თუმცა, ლუგარის ლაბორატორიის მიზანმიმართული დადანაშაულება გაცილებით ადრე დაიწყო. 2016 წელს, BBC-ის რუსული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში, „როსპოტრებნადზორის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა და რუსეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა გენადი ონიშჩენკომ განაცხადა, რომ 2012 წლიდან აფხაზეთში ზიკას გადამყვანი მწერები გამოჩნდნენ, რაც პირდაპირ უკავშირდება ამერიკულ ლაბორატორიას, რომელიც თბილისში მდებარეობს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, ლუგარის ლაბორატორიაზე საუბრისას, განაცხადა, რომ „რუსეთის საზღვრებთან პენტაგონის სამედიცინო-ბიოლოგიური მასშტაბური საქმიანობის თავად ფაქტი, ჩვენს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს“.
როგორც მოგვიანებით მარია ზახაროვამ ასევე აღნიშნა, არ უნდა გამოირიცხოს, რომ მსგავს ლაბორატორიებში ამერიკელების მიერ სხვადასხვა სახიფათო დაავადებების შექმნაზე მიმდინარეობს მუშაობა.
„არ შეიძლება გამოვრიცხოთ, რომ მსგავს რეფერალურ ლაბორატორიებში ამერიკელები „მესამე ქვეყნებში“ აწარმოებენ კვლევებს სხვადასხვა საშიში დაავადებების გამომწვევების შექმნისა და მოდიფიცირებისთვის, მათ შორის, სამხედრო მიზნით. არსებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ არც ისე დიდი ხნის წინ ზემოხსენებულ დაწესებულებას ესტუმრნენ პენტაგონის მაღალი რანგის წარმომადგენლები, რომლებმაც შესთავაზეს საქართველოს ხელისუფლებას, გააფართოვონ მოქმედების არეალი მიმდინარე კვლევებზე,“ – აცხადებს მარია ზახაროვა.
რუსული მხარე კატეგორიულად ითხოვდა და დღესაც ითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალურ მოსკოვს ლუგარის ლაბორატორიის მონიტორინგის ექსკლუზიური უფლება მიანიჭოს.
ლუგარის ლაბორატორიასთან მიმართებაში სკანდალურ განცხადებებით გამოირჩეოდა საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძეც, რომლის მტკიცებითაც, „ლუგარის ლაბორატორიაში” ადამიანებზე ექსპერიმენტებს ატარებენ და ბიოლოგიურ იარაღს ქმნიან“.
„ლუგარის ლაბორატორიაში ამერიკის სამხედრო სამეცნიერო ჯგუფის ბიოლოგებისა და აშშ-ს საფთხეების შემცირების სააგენტოსთან ფედერალური კონტრაქტით დაკავშირებული კერძო დაქირავებული პირების მიერ ნამდვილად არის შესაძლებელი, რომ ჩატარებულიყო საიდუმლო ექსპერიმენტები საქართველოს მოსახლეობაზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში ლეტალურად დასრულდა. … 2015 წლის დეკემბერში 30 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთ დღეს 24 ადამიანი, რომლებიც C ჰეპატიტზე მკურნალობის კურსს გადიოდნენ. „სიკვდილის მიზეზი უცნობია”, – ასეა ჩაწერილი შესაბამის გრაფაში. …შემდეგ, 2016 წლის აპრილში კიდევ 30 და აგვისტოში – 13 ადამიანი კვდება უცნობი მიზეზით. სამწუხაროდ, ამ ფაქტებზე არავითარი გამოძიება არ ჩატარებულა“, – ამტკიცებდა იგორ გიორგაძე.
რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების უფროსი, იგორ კირილოვი, თავის მხრივ, ეთანხმება იგორ გიორგაძის ბრალდებებს და ირწმუნება, რომ ლუგარის ლაბორატორიაში მიმდინარე ექსპერიმენტების შედეგად, 73 ადამიანი დაიღუპა. როგორც კირილოვი ამტკიცებს, აშშ-ის თავდაცვის ექს-მინისტრის, დონალდ რამსფელდის კომპანიის მიერ წარმოებული პრეპარატის საქართველოს მოქალაქეებზე გამოცდის დროს, 2015 წელს დაიღუპა 25 ადამიანი, მოგვიანებით კი – კიდევ 49.
გადამოწმებული: 1tv.ge
ლუგარის კვლევითი ცენტრი საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალურ ლაბორატორიას წარმოადგენს. ის ერთ-ერთი საუკეთესო ბაზაა რეგიონში ბიოსამედიცინო სფეროში და ბიოუსაფრთხოებაში სამეცნიერო კვლევებისათვის და სტუდენტების, მაგისტრების და დოქტორების მოსამზადებლად.
ლუგარის კვლევითი ცენტრი, მთელი თავისი აღჭურვილობით, საქართველოს მთავრობის საკუთრებაშია გადმოცემული, რომელიც 2018 წლიდან უზრუნველყოფს კვლევითი ცენტრის და ლაბორატორიული ქსელის სრულ დაფინანსებას.
კვლევით ცენტრში განლაგებულია თანამედროვე დონეზე აღჭურვილი ბიოუსაფრთხოების მე–2 და მე–3 დონის ლაბორატორიები, რომელთა მიზანია ადამიანისა და ცხოველთა საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დროული აღმოჩენა და იდენტიფირება. ცენტრში ასევე განლაგებულია პათოგენების ეროვნული საცავი, სადაც უსაფრთხოდ არის დაცული ადამიანისა და ცხოველის დაავადებების გამომწვევი განსაკუთრებით საშიში პათოგენები.კვლევით ცენტრში ფუნქციონირებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული სამი ვირუსოლოგიური ლაბორატორია: გრიპის, რომელშიც ხდება ადამიანისა და ფრინველის გრიპის დიაგნოზირება; პოლიემიელიტის, რომელიც, საქართველოსთან ერთად, სომხეთსაც ემსახურება და წითელასა და წითურას ლაბორატორიები.
ცენტრში განთავსებულია ბიოუსაფრთხოების მე-2 და მე-3 დონის ლაბორატორიები. მე-3 დონის ზონა მოიცავს ბაქტერიოლოგიის, ვირუსოლოგიის ლაბორატორიებს, ასევე ადამიანისა და ცხოველის დაავადებების გამომწვევი განსაკუთრებით საშიში პათოგენების საცავს. ლუგარის ცენტრი ერთადერთია მთელ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, რომელსაც ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის სტატუსი აქვს.
მე-2 დონის ზონაში განთავსებულია ზოგადი ბაქტერიოლოგიის, ვირუსოლოგიის, სეროლოგიის, მოლეკულური ეპიდემიოლოგიის/გენომის, უჯრედული კულტურების, პარაზიტოლოგიის და ენტემოლოგიის ლაბორატორიები. გარდა ამისა, ფუნქციონირებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული სამი ზემოთ დასახელებული ლაბორატორია.
2018 წლის 25 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყველა დაინტერესებული სახელმწიფო მოიწვია თბილისში, ლუგარის კვლევით ცენტრში დაგეგმილ გამჭვირვალობის კოლეგიალური შეფასების ვიზიტში მონაწილეობის მისაღებად. 2018 წლის 14-15 ნოემბერს განხორციელდა ექსპერტების ვიზიტი და 15 ნოემბერს, ვიზიტორთა გუნდმა დასკვნითი ანგარიში მოამზადა. გამჭვირვალობის ვიზიტმა აჩვენა საქართველოს და ლუგარის ცენტრის მიერ ბტიკ-ის (ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის კონვენციის) დებულებებისა და ვალდებულებების სათანადო განხორციელება. აღსანიშნავია, რომ ამ ღონისძიებაში მოწვეული იყო რუსული მხარეც, თუმცა, ოფოციალურმა მოსკოვმა ექსპერტების ვიზიტში მონაწილეობა არ მიიღო.
მიუხედავად ამისა, რუსეთის ოფიცილური პირების მხრიდან ლუგარის ლაბორატორიის მიმართ წაყენებული ბრალდებების ნაკადი არ შეწყვეტილა.
ამ ბრალდებებს ამომწურავად პასუხობს და აბათილებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე. მარია ზახაროვასა და გენადი ონიშჩენკოს განცხადებების პასუხად, ის განმარტავს, რომ რუსეთში ის ანერვიულებთ, რატომ არ ვაგზავნით სინჯებს ისევ მოსკოვში.
„რუსები ბევრჯერ არიან მოწვეულნი… პირადად მისაუბრია მათ ყოფილ ჯანდაცვის მინისტრთან, ქალბატონთან, მის მოადგილესთან, ყოფილ მთავარ სანიტარულ ექიმთან, ონიშჩენკოსთან, რომელიც ბრალს გვდებს ხოლმე და რომელსაც კარგად ვიცნობ. მომიწვევია ისინი პირადად და მითქვამს, ჩამობრძანდით და ნახეთ. ოფიციალურად არიან მოწვეულნი ჟენევაში არსებულ სპეციალურ სამდივნოში, რომელიც სწავლობს ბიოლოგიური უსაფრთხოების საკითხებს და რომელმაც 2018 წლის ნოემბერში ჩაატარა სპეციალური შესწავლა. მოწვეული იყო რუსეთიც, რომელმაც უარი თქვა – არ მივიღებთ მონაწილეობას ამ შეფასებაშიო. ნამყოფი არიან ბევრჯერ რუსი ჟურნალისტები და გადაღებული აქვთ ყველაფერი. ნამყოფია მათი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიოლოგიური სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორი. სხვა პასუხი ჩვენ არ გვაქვს. ეს აქვთ პოლიტიკურ თემად არჩეული და როცა უნდათ, მაშინ გადმოაგდებენ ხოლმე“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.
რაც შეეხება რუსეთის საგარეო უწყების განცხადების იმ ნაწილს, რომ 2018 წელს ლაბორატორიის საფუძვლიანად შესწავლის საშუალება არ იყო, გამყრელიძე აღნიშნავს, რომ შესწავლის შედეგები გამჭვირვალეა და ხელმისაწვდომია სხვადასხვა ენაზე.
„საფუძვლიანად შესწავლილია იქ ყველაფერი, ეს გამჭირვალეა. ეს რაპორტი დევს თვითონ ჟენევის ბიოლოგიური უსაფრთხოების სამდივნოს ვებზე, დევს ჩვენს ვებზე, ყველა ენაზე. გამჭირვალეა ეს ყველაფერი. გარდა ამისა, შარშან ორი დიდი შეფასება გაკეთდა საქართველოს ე.წ მზადყოფნისა. ერთი გააკეთა ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და მეორე – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, სადაც ლუგარის გარდა, ქვეყნის მთელი ლაბორატორიული სისტემები იქნა შესწავლილი და ასევე შესწავლილი იყო ჩვენი რეაგირების მექანიზმები, თუ რამდენად მზად ვართ ჩვენ. რუსებს არ სჯერათ და ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო უწყების განცხადების იმ ნაწილზეც, რომ „ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობა ეწინააღმდეგება ბიოლოგიური და ტოქსიკური აკრძალვის კონვენციას“.
„ენას ძვალი არ აქვსო, ნათქვამია, რასაც უნდათ, იმას ლაპარაკობენ. საფუძველი ხომ უნდა ჰქონდეს ამ ყველაფერს. ისინი იმასაც ლაპარაკობდნენ, რომ ერთ-ერთი ქართველი, რომელიც იქ ცხოვრობს და საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსანია, არ მინდა, სახელი და გვარი დავასახელო. ის ამბობდა, რომ ადამიანებზე ექსპერიმენტებს აკეთენებო, მაგრამ ხომ ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში?! ვერ ნახეს ვერაფერი მსგავსი. ცე ჰეპატიტზე როცა იყო ლაპარაკი, ეს ყველაფერი არის მტკნარი ტყუილი. ყველაფერ ამას აქვს პოლიტიკური სარჩული. მათ იმდენად საქართველო კი არ აქვთ მთავარ სამიზნედ, არამედ რატომ აშენდა ამერიკის დახმარებით საქართველოში ლუგარის ლაბორატორია და მთელი ეს ლაბორატორიული კომპლექსი, რაც ქვეყანაშია. იცით, 22 ლაბორატორიაა სხვადასხვა დონის, მათ შორის, ყველაზე მაღალი დონის გახლავთ ლუგარი. რატომ ეხმარება აშშ საქართველოს, ანუ რატომ ვიყურებით ჩვენ ევროპისკენ, ევროატლანტიკური სივრცისკენ და რატომ არ ვიყურებით ჩრდილოეთისკენ ისევ – ეს არის ამის მთავარი მიზანი. როცა მათ უნდათ, ლუგარი ხდება პოლიტიკური მანიპულაციების საგანი, რადგან აშშ არის ჩვენი ქვეყნის ყველაზე პირველი პარტნიორი, ყველა მიმართულებით და მათ შორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის მიმართულებით. მათ ჩადეს უზარმაზარი ინვესტიცია და ქვეყანას აჩუქეს ასეთი დიდი სიმდიდრე. ლუგარი სერიოზულად გამოგვადგა ცე ჰეპატიტის პროგრამის განხორციელებაში, კოვიდინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში და კიდევ ბევრ საკითხში გამოგვადგება, რადგან ეს არის მაღალი დონის სამედიცინო კვლევის ლაბორატორია“, – აცხადებს გამყრელიძე.
მისივე შეფასებით, ლუგარის ლაბორატორიის თემა რუსეთს პოლიტიკურ კონტექსტში გადააქვს.
„რატომ არ ვაგზავნით სინჯებს გამოსაკვლევად ისევ სანკ-პეტერბურგში, რატომ არ ვაგზავნით მოსკოვში, რატომ არ ვაგზავნით სხვაგან. რადგან ეს ყველაფერი კეთდება ლუგარში და არ გვჭირდება დასადასტურებლად იქ გაგზავნა, ზუსტად ამაზეც ნერვიულობენ, განიცდიან ამ საკითხს და გადაჰყავთ შემდეგ პოლიტიკურ კონტექსტში. აღარ ღირს ამაზე კომენტარის გაკეთება, მეცინება კიდეც უკვე“, – შენიშნავს გამყრელიძე.
ასევე სიმართლეს არ შეესაბამება ვიქტორ ონიშჩენკოს განცხადება იმის შესახებ, რომ „2012 წელს აფხაზეთში ზიკას გადამყვანი მწერები გამოჩნდნენ, რაც პირდაპირ უკავშირდება ამერიკულ ლაბორატორიას, რომელიც თბილისში მდებარეობს“. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2018 წლის 18 მაისს გავრცელებულ განცხადებაში ზიკას გავრცელების მიზეზად სულ სხვა ფაქტორებია მითითებული.
რაც შეეხება იგორ გიორგაძეს, როგორც მან BBC-სთან ინტერვიუში აღიარა, არა აქვს დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანებზე ექსპერიმენტები ტარდებოდა.
BBC-ის ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ რუსული ოფიციალური პირების და მედიის მიერ გავრცელებული ცნობები საქართველოში აშშ-ის დაფინანსებით აშენებული ლუგარის ლაბორატორიის შესახებ სიცრუეა.
საუბარია რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური პირების, ასევე პროკრემლისტური მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებებზე, თითქოს, ლუგარის ლაბორატორიაში საქართველოს მოქალაქეებზე არალიცენზირებული წამლები გამოსცადეს, რასაც ათეულობით ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. თუმცა, BBC-ის ჟურნალისტური გამოძიებამ აჩვენა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
ბრალდების პირველწყაროდ სახელდებოდა საქართველოს უშიშროების ყოფილ მინისტრი, KGB-ს ყოფილი თანამშრომელი იგორ გიორგაძე, რომელიც წლების წინ საქართველოდან რუსეთში გაიქცა.
გიორგაძის ვებ-საიტზე ეწერა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ტარდებოდა ექსპერიმენტები აშშ-ში დამზადებული არალიცენზირებული წამლით, სოვალდით, რამაც 2015 წლის დეკემბერში 30 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.
იგორ გიორგაძე BBC-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მის საიტზე გავრცელებული შეფასება მას არ ეკუთვნის:
„რაც თქვენ საიტზე წაიკითხეთ, ეს არის დასკვნა იმ ადამიანებისა, ვინც [ეს დოკუმენტები] გააანალიზა. მე ანალიზი არ გამიკეთებია. მე ეს არ მითქვამს“,- ამბობს იგი.
ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა რაიმე დამადასტურებელი საბუთი იმისა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში პაციენტებს აძლევდნენ ისეთ მედიკამენტებს, რაც კლინიკურად ნებადართული არ იყო, გიორგაძე პასუხობს: „არა. მე არ მაქვს საერთოდ არანაირი სურვილი, რომ რამე დავამტკიცო. მე კითხვას ვსვამ. აი, ახლა თქვენ მიპასუხეთ, თქვით, რომ ეს [დოკუმენტები] არაფერს ამტკიცებს. კეთილი. ამ ინტერვიუს, მას შემდეგ, რაც თქვენ გაუშვებთ, დავდებთ ჩვენს საიტზე და ვნახავთ, რომ იქნება ერთი მხარე, რომელიც ამბობს, რომ ეს არის მტკიცებულება, მეორე კი ამბობს, რომ არა“.
„არ არის ეს, ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, დეზინფორმაცია“? – ეკითხება გიორგაძეს ჟურნალისტი.
„არ ვიცი. არ ვიცი“, — პასუხობს გიორგაძე.
ლუგარის ლაბორატორიის თაობაზე გამოთქმულ ცრუ ბრალდებებს „ევრაქტივიც“ გამოეხმაურა და ამ თემას სტატია მიუძღვნა.
„ევრაქტივი“ წერს, რომ საქართველო აშშ-ს „საიდუმლო ლაბორატორიების“ მიერ კოვიდ-19-ის გავრცელების მცდელობების შესახებ ყალბი ინფორმაციის სამიზნე გახდა. სტატიაში ნახსენებია, რომ ინტერნეტში გავრცელებული ერთ-ერთი ასეთი ფეიკ-ნიუსების ტალღა თბილისში მდებარე ლუგარის ლაბორატორიიდან ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალში ვირუსის გავრცელების მცდელობებს ეხება.
„საქართველოს შემთხვევაში ეს საკითხი განსაკუთრებით მგრძნობიარეა, რადგან აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორის, რიჩარდ ლუგარის სახელობის სამედიცინო დაწესებულებამ „კოვიდ-19“-ზე ქვეყნის წარმატებულ რეაგირებაში დიდი როლი შეასრულა“ – წერს „ევრაქტივი“.
სტატიაში ნახსენებია, რომ რუსეთი ლუგარის მიერ მწერებს სხვადასხვა ბიოლოგიური აგენტებისა და პათოგენების გადამტანად იყენებს. „ევრაქტივი“ ასევე წერს, რომ რუსეთმა ლუგარის ცენტრის დათვალიერება ყველა უცხო ქვეყნის წარმომადგენლისა და ორგანიზაციის თანდასწრების გარეშე ითხოვა, რაზეც საქართველოს მხრიდან უარი მიიღო.
როგორც „ევრაქტივი“ იუწყება, დეზინფორმაციის სამიზნე ევროპაც გახდა, როდესაც კრემლის მხარდამჭერმა მედიამ გააჟღერა თეორია, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სასწრაფო დახმარების მანქანები, რომლებიც ცხინვალსა და თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას შორის გამყოფი ხაზის გასწვრივ იმყოფებიან, ლუგარის ლაბორატორიაში გამოსაყენებლად ნიმუშებს აგროვებდნენ, რასაც სამოქალაქო მონიტორინგის მისიამ „მავნე და უპასუხისმგებლო დეზინფორმაცია“ უწოდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სხვადასხვა მედიასაშუალებებში ლუგარის ლაბორატორიის მისამართით გამოთქმული ყველა ზემოთ დასახელებული ბრალდება არის სიყალბე.