„ბიძინა ივანიშვილი ვადამდელი არჩევნების ჩატარებას დათანხმდა და მისაღებ თარიღად 2023 წელი დაასახელა“

მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 12 მარტს, საინფორმაციო სააგენტო „ქრონიკანიუსმა“ (cnews.ge), „ინფორმირებულ წყაროზე“ დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, „აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი  ბიძინა ივანიშვილს დახურულ კარგს მიღმა შეხვდა“.

„ბიძინა ივანიშვილმა ვადამდელ საპარალამენტო არჩევნების გამართვაზე თანხმობა განაცხადა და მისაღებ თარიღად 2023 წელი დაასახელა… ის ასევე თანახმაა, ნიკა მელია გათავისუფლდეს პატიმრობიდან და ამისთვის მოიძებნება შესაბამისი მექანიზმები“, – წერს „ქრონიკანიუსი“.

გადამოწმებული: 1tv.ge

ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა, რომელსაც მედიაციას უწევდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი, 19 მარტს შეთანხმების გარეშე დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ, მისმა მონაწილეებმა, ზოგმა პირდაპირ და ზოგმა ირიბად, დაადასტურეს, რომ ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც პოზიციების დაახლოება საერთოდ ვერ მოხერხდა, ვადამდელი არჩევნები იყო. პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, „ოპოზიციას აქვს დამოკიდებულება, რომ სანამ არჩევნებს არ მოვიგებთ, არჩევნების შედგებს არ ვაღიარებთ. ამ მიდგომით კი, შეთანხმების მიღწევა არის შეუძლებელი“.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერს, გიგა ბიკერიას „დარჩა შთაბეჭდილება“, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს „ბიძინა ივანიშვილისგან აკრძალული აქვთ ნებისმიერი გონივრული განცხადების განხილვის დაშვება“.

„შეთანხმებამდე ვერ მივედით ვერცერთ საკითხზე, განსაკუთრებით პოლიტპატიმერებისა და ვადამდელი არჩევნების შესახებ“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

იგივეს ამბობს მოლაპარაკების კიდევ ერთი მონაწილე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, აკაკი მინაშვილი. მისი განცხადებით, იყო ორი საკითხი, რომელზეც ვერ მოხერხდა „ქართული ოცნების“ დათანხმება. პირველ პრობლემურ საკითხად აკაკი მინაშვილი „ნიკა მელიასა და გიორგი მელიას გამოშვებას“, მეორედ კი – „ვადამდელ არჩევნებს“ ასახელებს.

ამდენად, საინფორმაციო სააგენტო „ქრონიკანიუსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ბიძინა ივანიშვილი ვადამდელი არჩევნების ჩატარებას დათანხმდა და მისაღებ თარიღად 2023 წელი დაასახელა“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით