მოწოდებული ინფორმაცია

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „გაყალბებული არჩვენების, სახალხო პროტესტისა და სადავო ლეგიტიმაციის ფონზე, ბიძინა ივანიშვილი ერთგულების ახალი გუნდის ფორმირებას იწყებს“.

„ოლიგარქი უახლოეს მომავალში დიდ საკადრო გადაადგილებებს გეგმავს. ინფორმირებული წყაროები მმართველი პარტიიდან ყვებიან, რომ ბიძინა ივანიშვილი უკმაყოფილოა გიორგი გახარიას საქმიანობით და მის ჩანაცვლებას გეგმავს. მთავრობის მეთაურის პოსტზე მთავარ კანდიდატებად თე აწულუკიანი და ირაკლი კობახიძე განიხილებიან… ოპონენტები ამბობენ, რომ წულუკიანის გაპრემიერებით, ივანიშვილი მას იმ წვლილს დაუფასებს, რომელიც იუსტიციის მინისტრმა ამომრჩეველთა ერთიანი სიებით, არჩევნების გაყალბებაში შეიტანა“, – აცხადებს „მთავარი არხი“.

გადამოწმებული: 1tv.ge

პრემიერ-მინისტრად მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. 15 ნოემბერს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამოსვლისას, მან განაცხადა: „ეს არის ჭორი. წერტილი – როგორც იტყოდა ამჟამინდელი და მომავალი პრემიერ-მინისტრი, ბატონი გიორგი გახარია. როდესაც საპარლამენტო სიის პირველი ოცეულის წარდგენა მოხდა, მაშინ ვთქვით, რომ ვასახელებდით არა პრემიერობის კანდიდტს, არამედ პრემიერს. მე როგორც აქამდე ვიყავი „ქართული ოცნების“ და მისი გუნდის რიგითი წევრი და მისი ღირებულებებისთვის მებრძოლი, როდესაც 1 ოქტომბერს მოვედით ხელისუფლებაში, ასეთად დავრჩები პარლამენტში“.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავაც ადასტურებს, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ახალი კანდიდატურის წარდგენა არ იგეგმება და მთავრობის მეთაურის მოვლეობას მომავალშიც გიორგი გახარია შეასრულებს.

„როდესაც ჩვენ პარლამენტის წევრობის კანდიდატებს წარვადგენდით, მაშინ აღინიშნა, რომ გიორგი გახარიას განვიხილავდით არა როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, არამედ როგორც პრემიერ-მინისტრს. ის გააგრძელებს პრემიერ-მინისტრობას მას შემდეგაც, რაც პარლამენტი დაიწყებს მუშაობას და ახალ მთავრობას დაამტკიცებს“, – აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი.

ანალოგიურ განცხადებას აკეთებს „ქართული ოცნების“ ახალი საპარლამენტო გუნდის წევრი ბექა დავითულიანი. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას წარადგენს და სწორედ ის დააკომპლექტებს მთავრობას”.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას ჩანაცვლება იგეგმება, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით