„ბაჩალიაშვილის საქმეში FBI პროკურატურის პირდაპირი მითითების გამო არ ჩაერთო“

მოწოდებული ინფორმაცია

2020 წლის 30 სექტემბერს, ტელეკომპანია „მთავარი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, ბაჩალიაშვილის საქმეში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) არჩართვის მიზეზად, საქართველოს პროკურატურის მიმართვას ასახელებს. მისი თქმით, ამერიკაში პროკურატურის მიერ გაგზავნილი განცხადება ფორმალობას წარმოადგენდა და მასში პირდაპირ იყო მინიშნება, რომ ამერიკელი ექსპერტები საქმეში არ უნდა ჩართულიყვნენ.

„პროკურატურას ამერიკაში გაგზავნილ საქმის მასალებში პირდაპირ უწერია, რომ უკვე არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, თითქოს ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა ან სხვა პირების გამო თვითმკვლელობამდე მივიდა. მე ვხვდები, რას ემსახურებოდა ეს გზავნილი – პროკურატურამ FBI-ს პირდაპირ მოუწოდა, რომ საქმეში დამატებითი ორგანოების ჩართვა საჭირო არ იყო“, – აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

გადამოწმებული: 1tv.ge

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ჩართვასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ FBI-ის იურისდიქცია ამერიკის ტერიტორიაზე ვრცელდება და მათი კომპეტენცია არ არის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში ჩაერთოს.

ელჩის თქმით, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო სხვა ქვეყნებში მიმდინარე პროცესებში მხოლოდ მაშინ ერთვება, როდესაც საქმე ამერიკის მოქალაქეს ან ამერიკის ინტერესს ეხება.

„ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო ამერიკის შეერთებულ შტატებში სამართალდამცავი ორგანოა და მათი იურისდიქცია ამერიკის ტერიტორიაზე ვრცელდება. რაც შეეხება სხვა ქვეყნების პროცესებში მათ მონაწილეობას, ეს მაშინ ხდება, როდესაც საქმე ამერიკის მოქალაქეს ეხება, ან საკითხში ამერიკის ინტერესია. სხვა მხრივ, მათი იურისდიქცია ამერიკის შეერთებული შტატების გარეთ ძალიან შეზღუდულია. მათი კომპეტენცია არ არის, ამ საქმეში ჩაერთოს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურაც ადასტურებს, რომ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართვა იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ FBI მხოლოდ შტატების ტერიტორიაზე მათთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებს იძიებს. 

პროკურორის თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ჩატარების უფლება მხოლოდ და მხოლოდ ქართულ მხარეს გააჩნია.

“ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ფედერალური ბიუროს წარმომადგენელთან, ატაშესთან, რომლისგანაც მივიღეთ განმარტება, რომ ამერიკის ფედერალური ბიუროს წარმომადგენლები იძიებენ მხოლოდ შტატების ტერიტორიაზე მათთან დაკავშირებულ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს. შესაბამისად, ჩვენს ტერიტორიაზე მოქმედი სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ჩატარების უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ და მხოლოდ ქართულ მხარეს და ჩვენ ვატარებთ ამ საქმეზე სრულყოფილ და ობიექტურ გამოძიებას”, – აცხადებენ პროკურატურაში.

პროკურატურის ამ განცხადებას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც ადასტურებს. „როგორც (პროკურატურაში) განგვიცხადეს, იყო წინასწარი კომუნიკაცია შესაბამის ატაშესთან თანამშრომლობის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც აღნიშნეს, „ეფბიაი“ აცხადებს, რომ ამ საქმის გამოძიება არ არის მათი კომპეტენცია. როგორც ვიცი, „ეფბიაის“ მხრიდან ამ ეტაპზე არ არის მზაობა, რომ გამოძიებაში ჩაერთოს“, – აღნიშნავს ნინო ლომჯარია.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადება, რომ „ბაჩალიაშვილის საქმეში აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიურო (FBI) არ ჩაერთო, რადგან ეს პროკურატურის პირდაპირი მითითება იყო“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით