ავღანეთში ოცწლიანი ომის ფასი

მოწოდებული ინფორმაცია

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განკარგულებით, 2021 წლის მაისში ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის პროცესი დაიწყო. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, მათ ავღანეთი 11 სექტემბრამდე უნდა დაეტოვებინათ. თუმცა, როგორც აშშ-ის ლიდერმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მისი ქვეყნის სამხედრო მისია ავღანეთში 31 აგვისტოს დასრულდება ( ბაგრამის ავიაბაზა, სადაც ქართველი სამშვიდოებიები იყვნენ დისლოცირებულნი, ამერიკულმა სამხედრო შენართებმა უკვე დატოვეს).

„ავღანეთში ჩვენი მისია შესრულებულია იმ კუთხით, რომ ჩვენ ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია შევძელით და ტერორიზმი არ მომდინარეობს მსოფლიოს ამ ნაწილიდან“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

„ანტიფეიკი“ დაინტერესდა, თუ რა ფინანსურ და ადამიანურ რესურსებთან არის დაკავშირებული აშშ-ის ოცწლიანი (2001-2021) სამხედრო ოპერაცია ავღანეთში.

გადამოწმებული: 1tv.ge

ავღანეთში ოცწლიანი სამხედრო ოპერაციის ხარჯების შესახებ ინფორმაცია BBC-ს გუნდმა სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით შეკრიბა.

აშშ-ის სამხედრო ძალები ავღანეთში 2001 წლის ოქტომბერში შევიდნენ. ამის მიზეზი ის იყო, რომ ავღანეთს თავს აფარებდნენ ოსამა ბინ-ლადენი და 11 სექტემბრის ტერაქტითან დაკავშირებული „ალ-ქაიდას” სხვა წევრები. სამხედრო ოპერაციის ადამიანური ძალები და დაფინანსება წლიდან წლამდე იზრდებოდა, თუმცა უკანასკნელ პერიოდში თანდათანობით შემცირდა. 2020 წელს ცოცხალი ძალების რაოდენობა 4000-ს შეადგენდა, ხოლო მიმდინარე წლის იანვარში, Associated Press-ის თანახმად, ეს რიცხვი 2,500-მდე შემცირდა. 

წარმოდგენილი ოფიციალური მონაცემები, შესაძლოა, არ მოიცავდეს სპეციალური ოპერაციების ძალებისა და დროებითი ქვედანაყოფების ხარჯებს. 

ჯარების გამოყვანის პროცესის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 650 ჯარისკაცი, დიპლომატიური მისიების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ავღანეთში, სავარაუდოდ, კიდევ დარჩება – ამ ინფორმაციას BBC, Associated Press-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ავღანეთში ასევე დარჩებიან დაცვის კერძო ფირმების მიერ დაქირავებული კონტრაქტორებიც, რომლებიც აშშ-ის მთავრობაზე მუშაობენ. კონგრესის კვლევის თანახმად, 2020 წლის ბოლო კვარტალში მათი რაოდენობა 7800-ს აღემატებოდა… 

2010-2012 წლებში, როდესაც ავღანეთში 100 ათასზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფებოდა, ხარჯებმა წელიწადში 10 მილიარდი დოლარი შეადგინა, 2018 წლისთვის კი წლიური ხარჯი 45 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. აშშ თავდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, მთლიანმა სამხედრო დანახარჯმა, 2001 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის სექტემბრამდე, 778 მილიარდ დოლარს მიაღწია. გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, USAID-ის და სხვა სამთავრობო უწყებების მიერ სარეკონსტრუქციო პროექტებზე გაწეულმა ხარჯებმა 44 მილიარდი დოლარი შეადგინა. ოფიციალური მონაცემებით, ეს ჯამში 822 მილიარდი დოლარია (2001-2019 წწ. პერიოდში), თუმცა, მასში არ შედის ხარჯები  პაკისტანში, რომელსაც აშშ ავღანეთთან დაკავშირებული ოპერაციებისთვის ბაზად იყენებს. 

ბრაუნის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ავღანეთსა და პაკისტანში აშშ-ის მიერ გაწეული დანახარჯები დაახლოებით 978 მილიარდი დოლარია (ამაში შედის 2020 ფისკალური წლისთვის გამოყოფილი თანხებიც). ამავე კვლევაში აღნიშნულია, რომ ძნელია ხარჯების ყოვლისმომცველი, რამდენადაც სააღრიცხვო მეთოდები სამთავრობო უწყებებს შორის ზოგ შემთხვევაში განსხვავდებოდა და დროთა განმავლობაში, შესაძლოა, იცვლებოდა კიდეც. 

სად დაიხარჯა ეს კოლოსალური თანხა? – მისი ძირითადი ნაწილი მოხმარდა სამხედრო ოპერაციებს, აგრეთვე აშშ-ის სამხედროების ისეთ საჭიროებებს, როგორიცაა საკვები, ფორმა, სამედიცინო უზრუნველყოფა, შეღავათები და სპეციალური ანაზღაურება. თუმცა, ოფიციალური მონაცემებით, აშშ-მ  დამატებით 143,27 მილიარდი დოლარი დახარჯა სხვადასხვა სარეკონსტრუქციო ღონისძიებებში – აქედან ნახევარზე მეტი (88,32 მილიარდი)  უსაფრთხოების ადგილობრივი ძალების მშენებლობაში, (ავღანეთის ეროვნული არმიისა და პოლიციის ძალების). 

დაახლოებით 36 მილიარდი დოლარი გამოიყო მმართველობის განვითარებისთვის, აგრეთვე ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისთვის და ჰუმანიტარული დახმარებებისთვის. 

თანხის გარკვეული ნაწილი ფლანგვის, თაღლითობისა და არამიზნობრივი ხარჯვის შედეგად დაიკარგა. 2020 წლის ოქტომბერში აშშ-ს კონგრესისთვის მომზადებულ  მოხსენებაში, სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, რომელიც პასუხისმგებელი იყო ავღანეთში სარეკონსტრუქციო სამუშაოების ზედამხედველობაზე, აღნიშნა, რომ2 009 წლის მაისიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე, დანაკარგებმა, ამ კუთხით, დაახლოებით 19 მილიარდი დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება ადამიანურ დანაკარგებს – „თალიბანის“ წინააღმდეგ ომის დაწყებიდან აშშ-მა 2300-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, დაახლოებით 20,660 კი დაშავდა (აქ არ შედის ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისა და სამოქალაქო მოსახლეობის დანაკარგი).  

ბრაუნის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ადგილობრივ სამხედრო და პოლიციურ ძალებში დანაკარგები ომის დაწყებიდან 64,100-ზე მეტია, ხოლო გაერო-ს ავღანეთის დახმარების მისიის მონაცემებით, დაახლოებით 111,000 სამოქალაქო პირი დაიღუპა ან დაშავდა 2009 წლის შემდეგ, როდესაც ამ მონაცემების სისტემატური აღრიცხვა დაიწყო. 

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით