

„ასოცირების ხელშეკრულებაში გარკვევით წერია, რომ საქართველომ ევროკავშირის ბაზარზე შესვლისთვის გადასახადი უნდა გადაიხადოს“
მოწოდებული ინფორმაცია
2022 წლის 27 ივნისს, ინტერნეტგამოცემა „საქართველო და მსოფლიომ“ (geworld.ge) გამოაქვეყნა ინტერვიუ საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა „ქართული იდეის“ ხელმძღვანელთან, ლევან ჩაჩუასთან.
სხვა საკითხებთან ერთად, რესპონდენტი საქართველოსთვის ევროკავშირის ბაზრის მნიშვნელობაზეც საუბრობს და აცხადებს: „ასოციაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 500-მილიონიანი ბაზრის ათვისებას ჩვენ ვერ შევძლებდით, რადგან ხელშეკრულებაში, რომელიც არავის წაუკითხავს, გარკვევით წერია, რომ საქართველომ ბაზარში შესვლისთვის გადასახადი უნდა გადაიხადოს“.
ლევან ჩაჩუა ასოცირებისა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებებს „შალახოს“ ფონზე ხელმოწერილ ფარსს“ უწოდებს, „რომელიც დღესაც გრძელდება“.
გადამოწმებული: 1tv.ge
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილია (IV კარი – ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები), რადგან სწორედ ის მოიცავს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმს და საქართველოსთვის ხსნის ევროკავშირის შიდა ბაზარს.
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისგან (free trade agreement) განსხვავებით, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის სივრცე გულისხმობს როგორც სატარიფო, ასევე არასატარიფო ბარიერების აღმოფხვრას და არეგულირებს ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრს (მაგ., სურსათის უვნებლობა, პროდუქციის უსაფრთხოება, კონკურენციის პოლიტიკა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, საბაჟო საკითხები, სახელმწიფო შესყიდვები და სხვა).
DCFTA საქართველოს საშუალებას აძლევს, ეტაპობრივად მიიღოს ევროკავშირის შიდა ბაზრის ოთხი თავისუფლებიდან სამი: საქონლის, მომსახურების და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება. მეოთხე თავისუფლებას – ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას კი სავიზო რეჟიმის ლებერალიზიცია უზრუნველყოფს.
DCFTA-ის ამოქმედებით, საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გაეხსნა მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც ამ ეტაპზე აერთიანებს 27 ქვეყანას და 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს.
ამ თვალსაზრისით, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები ჯერ კიდევ 2006 წელს გადადგა, როდესაც ცალმხრივად მოახდინა საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის ლიბერალიზება. 2014 წლის პირველ სექტემბერს კი, DCFTA-ის პირობითად ძალაში შესვლის შემდეგ, ევროკავშირმაც განახორციელა საქართველოდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფების სრული ლიბერალიზება და ამით დაასრულა თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლა ტარიფების ნაწილში.
DCFTA-ის ამოქმედების შემდეგ, ევროკავშირის ბაზრის მიმართ ქართველი მეწარმეების ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. უკვე 2015 წელს საქართველოდან ევროკავშირში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა 208 მილიონ 186 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ევროკავშირში საქართველოდან მთლიანი ექსპორტის ($646,4) დაახლოებით 30 პროცენტია.
„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოდან ევროკავშირში პროდუქციის მთლიანი ექსპორტის მაჩვენებელმა მაქსიმუმს 2019 წელს მიაღწია და 834,9 მილიონი დოლარი შეადგინა. თუმცა, 2020 წელს ეს მაჩვენებელი, კოვიდპანდემიის გამო, 716,5 მილიონამდე შემცირდა.
ევროპის ბაზრებზე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებიდან ყველაზე დიდი ოდენობით თხილი და ღვინო იყიდება. ამასთან, ევროპის ბაზარზე დამკვიდრდა საქართველოში წარმოებული ხილის ჩირი, მოცვი/ლურჯი მოცვი, კივი, ბროწეული, კურკოვანი კულტურები, ვარდის და სტაფილოს თესლის ზეთი, ჩაი, მწვანილი, დაფნა, ბიოღვინო, კაკალი, ნუში, თაფლი და ა.შ.
„საქსტატის“ მონაცემებითვე, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტირებულმა პროდუქციამ მთლიანი ექსპორტის 16,7 პროცენტი შეადგინა.
ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქცის დაბეგვრის საკითხის დასაზუსტაბლად, „ანტიფეიკი“ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას დაუკავშირდა.
„საქართველო და ევროკავშირი მჭიდრო ურთიერთობას ინარჩუნებენ და ამ ურთიერთობის საფუძველი გრძელვადიანი ასოცირების შეთანხმებაა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ჩათვლით, რაც არ ითვალისწინებს საფასურის გადახდას ევროკავშირის ბაზარზე შესასვლელად. ასოცირების შეთანხმებას საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელშესახები სარგებელი მოაქვს, ესაა: ეკონომიკური განვითარება და ბაზარზე წვდომის შესაძლებლობები, ინსტიტუტების განმტკიცება და კარგი მმართველობა, კავშირების (სატრანსპორტო თუ სხვა) დამყარება, ენერგოეფექტურობა, გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილებასთან გამკლავება, მობილურობისა და ადამიანებს შორის კონტაქტების განმტკიცება. უვიზო მიმოსვლის შემოღება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების ერთ–ერთ წარმატებულ მაგალითია. ევროკავშირის კანონთა კრებულთან (EU acquis) საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება უპრეცედენტო და უზარმაზარი ვალდებულებაა საქართველოსთვის და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით და აგრძელებს კონსტრუქციულ პარტნიორობას, რაც დაეხმარება ქვეყანას ამბიციური ასოცირების შეთანხმებიდან სრულად მიიღოს სარგებელი“, – განუცხადეს „ანტიფეიკს“ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგელობის პრესისა და ინფორმაციის სამსახურში.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, „ქართული იდეის“ ხელმძღვანელის, ლევან ჩაჩუას განცხადება („ასოცირების ხელშეკრულებაში გარკვევით წერია, რომ საქართველომ ევროკავშირის ბაზარზე შესვლისთვის გადასახადი უნდა გადაიხადოს“) არის სიყალბე.