„აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგების მასობრივი გაყალბება იგეგმება“

მოწოდებული ინფორმაცია

2022 წლის 8 ნოემბერს, აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები ტარდება, რომლის შედეგებსაც ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს – სასწორზე დევს სენატისა და წარმომადგენელთა პალატის კონტროლი. რამდენიმე შტატში უკვე დაწყებულია ფოსტით და საარჩევნო უბანზე გამოცხადებით ადრეული ხმის მიცემის პროცედურები. ამ ფონზე, სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ „შუალედური არჩევნების შედეგების მასობრივი გაყალბება იგეგმება“.

„ერთადერთი გზა, რომლითაც „დემოკრატები“ ნებისმიერ შუალედურ არჩევნებს მოიგებენ, არის ამ არჩევნების მოპარვა, როგორც მათ ეს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს გააკეთეს – საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაყრით, მესამე პირის მიერ ბიულეტენების შეგროვებით,  თაღლითობით (gerrymandering)… ამ ჩამონათვლის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება. „დემოკრატებს“ ვერაფერი შეაჩერებთ, რათა ხელისუფლებაზე კონტროლი შეინარჩუნონ“,  – წერს „ტვიტერის“ ერთ-ერთი მომხმარებელი.

„ბიულეტენების შეგროვება მესამე პირების მიერ სასაცილოდ კორუმპირებულია და ეს კალიფორნიაში ლეგალურია. იმისთვის, რომ რესპუბლიკელებმა არჩევნებში გაიმარჯვონ, არსებული წესი საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ“, – აცხადებს  „ტვიტერის“ სხვა მომხმარებელი.

 

 

გადამოწმებული: 1tv.ge

Reuters-მა სოციალური მედიის მომხმარებლების მიერ გავრცელებული ბრალდებები გამოიკვლია.

საარჩევნო ბიულეტენის სხვის მაგივრად ჩაბარება

აშშ-ს კანონდებლობით განსაზღვრულია რამოდენიმე შემთხვევა, როდესაც პიროვნებას შეუძლია, სხვის მაგივრად ჩააბაროს ბიულეტენი და ეს საარჩევნო პროცესის კანონიერ სტანდარტად მიიჩნევა.

ბიულეტენის სხვის მაგივრად ჩაბარება და მესამე პირის მიერ „ბიულეტენების შეგროვება“ (მესამე პირები – საარჩევნო კომისიიის წევრები ან მოხალისეები ბიულეტენებს იბარებენ მათგან, ვინც კონსტიტუციით გარანტირებული გამონაკლისებით სარგებლობს და ფოსტითან ან სახლიდან აძლევს ხმას. ამის შემდეგ, ბიულეტენს მათ მაგივრად აგდებენ საარჩევნო ყუთში) 32 შტატშია დაშვებული.

„ბიულეტენების შეგროვება“ სხვადასხვა შტატში განსხვავებულად რეგულირდება. მაგალითად, ზოგ შტატში ნებისმიერ მინდობილ პირს შეუძლია პიროვნების მაგივრად ბიულეტენის ჩაგდება, ზოგში – მხოლოდ ოჯახის წევრს ან მზრუნველ პირს, ცხრა შტატი კი ზღუდავს ამ უფლებით მოსარგებლეების რაოდენობას.

მინდობილ პირს მხოლოდ რამოდენიმე გამონაკლის შემთხვევაში შეუძლია სხვა პიროვნების მაგივრად ბიულეტენის ჩაგდება. მაგალითად, თუ ადამიანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, მოხუცებულია ან სახლის დატოვება არ შეუძლია.

ასევე არსებობს გამონაკლისები მკვიდრი ამერიკელების მიწებზე. ამის მიზეზი ხშირად არის ის, რომ ამ ტერიტორიებზე არ არის საფოსტო განყოფილებები, ხმის მიცემის პუნქტები ან საფოსტო ოფისები, ხოლო საარჩევნო ურნები რეზერვაციიდან დიდ მანძილზეა.

„არა არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბიულეტენების შეგროვებამ შეიძლება 2022 წლის შუალედური არჩევნების მასობრივი გაყალბება გამოიწვიოს“, – დასძენს Reuters-ი.

გაყალბების თავიდან აცილების გარანტიები

შტატების უმრავლესობას შემოღებული აქვს კონკრეტული ზომები, რომლებიც „ბიულეტენების შეგროვების“ პროცესს გაყალბებისგან იცავს.

ასეთია, მაგალითად, აღრიცხვის მიზნით, კომისიის მიერ კონვერტზე შტრიხკოდის, ხოლო ამომრჩევლის მიერ საკუთარი პერსონალური მონაცემების დატანა.

როდესაც, მაგალითად, კალიფორნიის ნებისმიერი საარჩევნო უბანი დაუსწრებლად ხმის მისაცემ ბიულეტენს იღებს, კომისიის წევრი ამომრჩეველთა სარეგისტრაციო სისტემაში აფორმებს, რომ კონკრეტული ადამიანის ბიულეტენი ჩაიბარა. ამის შემდეგ, სხვა წევრი ხელმოწერის ავთენტურობას ამოწმებს. თუ კონვერტზე ხელმოწერა არაა დატანილი ან ის ამომრჩეველთა სიაში არსებულ ხელმოწერას არ ემთხვევა, კომისია 24 საათის განმავლობაში ეკონტაქტება პირს, რათა შეცდომის გამოსწორების საშუალება მისცეს.

არიზონაშიც მსგავსი ნორმა მოქმედებს. მაგრამ, თუ პიროვნება შემჩნეული იქნა ბიულეტენის მოთხოვნის აპლიკაციაზე ან კონვერტზე ხელმოწერის გაყალბებაში, ეს ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება და 150,000 დოლარამდე ჯარიმას, ან მაქსიმუმ 2 წლით და 6 თვით პატიმრომას ითვალისწინებს.

„ბიულეტენების შეგროვების“ პროცესის დროს, გაყალბების შემთხვევები ძალიან იშვიათია…“

„ბიულეტენების შეგროვების“ პროცესის დროს გაყალბების შემთხვევები ძალიან იშვიათია, მაგრამ მაინც ხდება“, – აცხადებს ამანდა ზოჩი, საშტატო საკანონმდებლო ორგანოების ეროვნული კონფერენციის წარმომადგენელი.

მსგავსი რამ 2018 წელს, ჩრდილოეთ კაროლინაში მოხდა. რესპუბლიკელმა კანდიდატმა მარკ ჰარისმა დაიქირავა პიროვნებები, რომლებმაც ყალბი დაუსწრებელი ბიულეტენები შეავსეს და საფოსტო ოფისში ჩააბარეს. საარჩევნო კომისიამ დარღვევა აღმოაჩინა და დამნაშავეები დააკავა, მომდევნო წელს კი აღნიშნულ შტატში არჩევნები ხელახლა ჩატარდა.

სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი პოლიტიკური მეცნიერებების დარგში, ჯასტინ გრაიმერი ყურადღებას ამახვილებს აშშ-ის მთავრობის ხმის დამთვლელი პალატის ანგარიშზე, რომლის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით არსებულ სასამართლოებში, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, 2001-2017 წლებში, სულ 185 საჩივარი შევიდა.

ექსპერტები თანხმდებიან, რომ ცალკეული, იშვიათი გამონაკლისის მიუხედავად, დაუსწრებლად ხმის მიცემის დროს არჩევნების გაყალბებას სისტემატური ხასიათი არა აქვს. 2020 წელს, News21-მა ჩაატარა გამოძიება და გაარკვია, რომ 2000 წლიდან 2012 წლამდე დაუსწრებლად ხმის მიცემის დროს, ბიულეტენების გაყალბების 491 მცდელობა დაფიქსირდა, და ეს მაშინ, როდესაც არჩევნებში 146 მილიონი ამერიკელი ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციები, რომლის თანახმად, „აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგების მასობრივი გაყალბება იგეგმება“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით