„არცერთ კანონში არ წერია, რომ პრეზიდენტის შვილი არ უნდა დაფინანსდეს“

მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 2 დეკემბერს გაიმართა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხების გაფლანგვის საქმეზე. სასამართლოს სხდომაზე, ბრალდებულმა საააკაშვილმა, მისი ვაჟიშვილის, ნიკოლოზ სააკაშვილის სწავლის დაფინანსების საკითხებზე საუბრისას, აღნიშნა: „არცერთ კანონში არ წერია, რომ პრეზიდენტის შვილი არ უნდა დაფინანსდეს“.

„წეღან ახსენეს ჩემი შვილი ედუარდი, რომ დავხარჯეთ მის სწავლაზე ამერიკულ აკადემიაში, სადაც ის იყო ყველა დროის საუკეთესო კურსდამთავრებული, შეგიძლიათ, გადაამოწმოთ ამერიკული აკადემიის არქივებში. მეგობრებო, 2013 წელს 5 მილიონი გადავურიცხე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, თუ არ ვცდები ციფრი ასეთი იყო, 5 მილიონს მინუს-პლიუს, ქართველი სტუდენტების უცხოეთში გასაშვებად. უფრო სწორად 6 მილიონ 300 ათასი“, – განაცხადა სასამართლოს სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა.

გადამოწმებული: 1tv.ge

საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს ნორმა, რომელიც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საჯარო მოხელეების შვილებისთვის კერძო სკოლაში სწავლის საფასურის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების უფლებას იძლევა. ამასთან, სახელმწიფო აფინანსებს წარმატებული ქართველი ახალგაზრდების სწავლას უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში, მაგრამ ამ თანხის მოსაპოვებლად სტუდენტებს რთული კონკურსის გავლა უწევთ.

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პროკურატურის მიერ გასაჯაროებული დოკუმენტების თანახმად, 2009 წელს გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში (წარმოადგენს კერძო სკოლას) ყოფილი პრეზიდენტის შვილისთვის, ედურად სააკაშვილისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილი სწავლის საფასური შეადგენს 7 ათას ლარს, 2010-2011 წლების სწავლის გადასახადი -14 ათას ლარს, ხოლო 2011 წლის სექტემბერში გადახდილია სწავლის საფასური 14 ათასი ლარის ოდენობით.

სწორედ ამ კერძო სასკოლო განათლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ედუარდ სააკაშვილისთვის გადახდილი თანხების უკანონობაზე წაუყენა ბრალი პროკურატურამ ექს-პრეზიდენტს და არა ედუარდ სააკაშვილის უცხოეთში სტუდენტური სწავლის დაფინანსებაზე, რაზეც გადაიტანა აქცენტი მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს სხდომაზე.

„საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს ნორმა, რომელიც საჯარო მოხელეს, მიუხედავად მისი რანგისა, მისცემდა უფლებას, რომ შვილის სწავლის საფასური დაეფარა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ეს არის აშკარა კანონდარღვევა და მას არ აქვს არანაირი საფუძველი… ღსანიშნავია, რომ მან მხოლოდ ედუარდის სწავლის ხარჯი ახსენა, რაც მისი ნიჭიერებით ახსნა, თუმცა, ასევე გადახდილია ნიკოლოზ სააკაშვილის ცურვის გადასახადი, ასევე ლიანა მესხის ჩოგბურთის აკადემიაში სწავლის საფასური. ამ თანხის გადახდას არანაირი ნორმატიული საფუძველი არ გააჩნია“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილის საქმის ერთ-ერთი პროკურორი ქეთევან ჩაჩავა.

შესაბამისად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული ზემოთ მოყვანილი განცხადება („არცერთ კანონში არ წერია, რომ პრეზიდენტის შვილი არ უნდა დაფინანსდეს“) წარმოადგენს მის მიმართ წაყენებული ბრალიდან სხვა მოცემულობაზე გადასვლას  და არის აბსურდი.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით