„ამერიკული ვაქცინის - „Moderna“-ს ექსპორტი აკრძალულია აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულებით“

მოწოდებული ინფორმაცია

2020 წლის 28 დეკემბერს, საინფორმაციო–ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა, ამავე სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ამერიკული ვაქცინის  – Moderna“-ს ექსპორტი აკრძალულია აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულებით“.

არნო ხიდირბეგაშვილი ასევე ირწმუნება, რომ „საქართველოს გადარჩენის შანსი აქვს, თუ დროულად, დაიწყებს ვაქცინაციას რუსული ან ჩინური ვაქცინით“.

გადამოწმებული: 1tv.ge

აშშ-ის პრეზიდენტის მიერ 2020 წლის 8 დეკემბერს გამოცემული განკარგულების თანახმად, ამერიკული წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა  „Moderna“-ს განაწილებისას, პრიორიტეტი ენიჭებათ აშშ-ს მოქალაქეებს, თუმცა, ეს დოკუმენტი ვაქცინის ექსპორტირების აკრძალვას არ ითვალისწინებს.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, „ამერიკელებს ექნებათ პრიორიტეული წვდომა“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, ვიდრე ის სხვა ქვეყნებისთვის გახდება ხელმისაწვდომი.

პრეზიდენტის განკარგულებით ასევე წესდება ჩარჩოები, რომლითაც განისაზღვრება სხვა ქვეყნების მიერ ვაქცინის შეძენა. ასევე გათვალისწინებულია ღარიბი ქვეყნებისთვის მისი ჩუქება.

ამ ინფორმაციას „ფორბსი“ და სხვა გავლენიანი გამოცემებიც ადასტურებენ.

ამასთან, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ 28 დეკემბერს გამართული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შესაძლებელია, საქართველომ „Moderna“-ს ვაქცინა არა უშუალოდ აშშ-დან, არამედ ევროპის ქვეყნებიდან შეიძინოს.

„covax-ის პლატფორმაზე, სადაც ჩვენ გვაქვს ფული გადახდილი, იქნება 5-6 ვაქცინა… მეორე გზაა ბილატერალური [ორმხრივი] მოლაპარაკებები ევროპის ქვეყნებთან, რომლებმაც უკვე მიიღეს Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინები“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საინფორმაციო–ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორის, არნო ხიდირბეგიშვილის განცხადება, რომ „ამერიკული ვაქცინის  – „Moderna“-ს ექსპორტი აკრძალულია აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულებით“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით