„ამერიკაში კოვიდის საიზოლაციო ბანაკები დაანონსდა. ტენესის გუბერნატორმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ეროვნულ გვარდიას, კოვიდის მიზეზით, ხალხის გატაცების უფლებას აძლევს“

მოწოდებული ინფორმაცია

სოციალურ ქსელ „ტიკტოკით“ გავრცელდა ინფორმაცია (ავტორი – ramirezyachira), სათაურით: „წითელი განგაში: ამერიკაში კოვიდის საიზოლაციო ბანაკები დაანონსდა; ტენესის გუბერნატორმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ეროვნულ გვარდიას კოვიდის მიზეზით, ხალხის გატაცების უფლებას აძლევს.“

ვიდეოს სათაური იკითხება ავტორის ლეპტოპში გახსნილი ვებსაიტიდან.

@ramirezyachira

#repost

♬ original sound – Tiny Gonzalez-Ramire

გადამოწმებული: 1tv.ge

PolitiFact-ის მიხედვით, სტატიის სათაური ჯონ სი კარლეტონის ბლოგიდან მოდის. ბლოგერის მტკიცებით, ტენესის გუბერნატორმა ბილ ლიმ „აღმასრულებელი ბრძანება 83″-ის მეშვეობით, ხალხის გატაცება დააკანონა.

6 აგვისტოს, ლიმ, ცხრა გვერდიან ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის მიზანი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების გამტარუნარიანობის გაფართოება იყო. ბრძანების არცერთი პუნქტი არ აძლევს ეროვნულ გვარდიას ხალხის გატაცების ავტორიზაციას. ბრძანების ერთ-ერთ თავში აღნიშნულია, რომ ისეთ პირობებში, როდესაც სამედიცინო და გადაუდებელი დახმარების ცენტრების ტევადობა ზედა ზღვარს მიუახლოვდება, ეროვნულ გვარდიას შეუძლია შეასრულოს ისეთი სამედიცინო სერვისები, როგორებიცაა დიაგნოსტიკური ტესტირება და ავადმყოფის მოვლა, ასევე, გვარდიას შეუძლია გამოიყენოს სასწრაფო დახმარების მანქანები.

„ტიკტოკის“ მომხმარებელი, ვიდეორგოლის მეშვეობით, გადადის ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ვებსაიტზე. გახსნილი გვერდის სათაურში ვკითხულობთ: „დროებითი ოპერირების წესების განხილვა თავდაცვითი მიდგომის იმპლემენტაციისთვის, რათა თავი ავარიდოთ ჰუმანიტარულ პირობებში COVID-19-ით ინფიცირებას“.

თუმცა, არც ეს სათაური არ ადასტურებს ვიდეორგოლით გავრცელებული ინფორმაციის რეალობას – ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრს არ გაუცია ადამიანების ბანაკებში გამოკეტვის რეკომენდაცია, დოკუმენტში განხილულია ლონდონში ჩატარებული კვლევის მეთოდიკა, რომლის მიზანიც მიგრანტების ბანაკებში და სხვა თავშესაფარში მცხოვრები ადამიანების კოვიდ-19-ით ინფიცირებისგან დაცვაა.

გუბერნატორის მიერ ხელმოწერილი ბრძანების ირგვლივ აგორებული კამპანიის საპასუხოდ, ბილ ლის საკანონმდებლო დირექტორმა ტენესის გენერალურ ასამბლეას წერილით მიმართა.

„ყველა მოყვანილი მაგალითი და მასთან დაკავშირებული ჭორები ცალსახად სიყალბეა. ჩვენ საშუალება უნდა მივცეთ ეროვნულ გვარდიას, რომ იყვნენ მობილურები, რათა ისინი გაემართნონ საჭიროების ადგილზე“, – აღნიშნა ბრენტ იზლიმ.

ამრიგად, ტენესის გუბერნატორის მიერ ხელმოწერილი ბრძანებაში არ გვხვდება პუნქტი, რომელიც ეროვნულ გვარდიას ხალხის გატაცების უფლებას აძლევს. შესაბამისად, ტიკტოკის მომხმარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია („ამერიკაში კოვიდის საიზოლაციო ბანაკები დაანონსდა… ტენესის გუბერნატორმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ეროვნულ გვარდიას კოვიდის მიზეზით, ხალხის გატაცების უფლებას აძლევს“), არის აბსურდი.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით