„ამერიკა უკვე ამსუბუქებს რუსეთის მიმართ სანქციებს და დაუშვა ტრანზაქციები იმ რუსულ კომპანიებთან, რომლებიც დაკავშირებულია სასუქებთან, თესლთან, საკვებთან, მედიკამენტებსა და სამედიცინო აღჭურვილობასთან“
მოწოდებული ინფორმაცია
უკრაინაში შეჭრისთვის დაწესებული სანქციების სხვადასხვა ასპექტი კვლავ რჩება მსოფლიო საზოგადოების ყურადღების ცენტრში.
მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ამერიკა უკვე ამსუბუქებს რუსეთის მიმართ სანქციებს და დაუშვა ტრანზაქციები იმ რუსულ კომპანიებთან, რომლებიც დაკავშირებულია სასუქებთან, თესლთან, საკვებთან, მედიკამენტებსა და სამედიცინო აღჭურვილობასთან“.
გადამოწმებული: 1tv.ge
Reuters-ის მიხედვით, შეერთებული შტატები ცდილობს დაარწმუნოს ბანკები, გადამზიდავი და სადაზღვევო კომპანიები, რომ რუსეთიდან საკვების და სასუქების ექსპორტი და ამ მიზნით, ვაშინტონის მიერ რუსულ კომპანიებთან ხელშეკრულებების დადება, რუსეთისათვის დაწესებულ სანქციებს არ დაარღვევს.
2022 წლის 14 ივლისს, შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ვაშინგტონს სანქციები არ დაუწესებია რუსეთიდან გამოსული, რუსეთში შესატანი, რუსეთის გავლით ქვეყანაში მოხვედრილი, ან რუსეთთან დაკავშირებული სასოფლო-სამეურნეო საქონელის ან ინვენტარის, ასევე, საკვების და მედიკამენტების წარმოებაზე, გაყიდვასა და ტრასპორტირებაზე.
ზემოაღნიშნული პროცესების ხელშეწყობის მიზნით, ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) ზოგადი ლიცენზია (GL) გასცა ფულად ტრანზაქციებზე. ლიზენცია ამერიკულ კომპანიებს საშუალებას აძლევს, განახორციელონ ტრანზაქციები იმ რუსულ კომპანიებთან, რომლებიც დაკავშირებულები არიან სასოფლო-სამეურნეო წარმოებასთან, საკვებთან, მედიკამენტებსა და სამედიცინო აღჭურვილობასთან.
ხაზინის დეპარტამენტის საიტზე გამოქვეყნებულია რუსეთის მიერ განხორციელებული საზიანო საგარეო აქტივობების საპასუხო სანქციები (Russian Harmful Foreign Activities Sanctions). ვებ-გვერდზე ჩამოთვლილია ყველა სანქცია და რეგულაცია, ასევე, მათი განმარტებები. მათ შორის არ არის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე, საკვებზე ან მედიკამენტებზე დაწესებული სანქციები, მაგრამ, სიაში შეტანილია პრეზიდენტ ბაიდენის მიერ 2022 წლის 21 აპრილს გამოქვეყნებული ბრძანება, რომელიც, რუსულ რეესტრში გატარებულ, რუსული წარმომავლობის ან რუსეთის მიერ ოპერირებულ გემებს შეერთებული შტატების პორტებში შესვლას უკრძალავს. ბრძანების მიხედვით, იკრძალება ქვეყანაში რუსული ზღვის პროდუქტების შეტანაც.
ხაზინის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ეს რეგულაცია ხელს არ უშლის რუსული ხორბლის ან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შტატებში შესვლას, ამერიკული კომპანიების მხრიდან მხოლოდ „დამატებით ძალისხმევას“ საჭიროებს.
აღნიშნული პროდუქტების რუსეთიდან ექსპორტის არდაბლოკვაში დიდი როლი თამაშობს გაერო-სა და თურქეთის შორის მიმდინარე მოლაპარაკებები, რომლის ერთ-ერთი მიზანია რუსეთის მხრიდან ოდესის პორტში ხორბლით დატვირთულ გემებზე ბლოკადის მოხსნა.
ხაზინის დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ „შეერთებული შტატები მყარად უჭერს მხარს გაეროს ძალისხმევას, დააბრუნოს უკრაინული და რუსული ხორბალი მსოფლიო ბაზარზე და ამით შეამსუბუქოს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის გამო საკვების მარაგსა და ფასებზე მიყენებული გლობალური ზიანი.”
რუსეთის მარცვლეულის ექსპორტიორთა კავშირის თავჯდომარემ, ედუარდ ზერნინმა შეერთებული შტატების გადაწყვეტილება მოიწონა და მას „მსოფლიო შიმშილთან საბრძოლველად გადადგმული რეალური ნაბიჯი“ უწოდა.
„ჩვენ ღრმად გვწამს, რომ სხვა ქვეყნებიც გაყვებიან ამ მაგალითს და გამოუშვებენ ასე საჭირო დაკონკრეტებებს და ლიცენზიებს „შეფარული სანქციების“ მოსახსნელად, რომლებიც გასაჭირში მყოფი ქვეყნებისთვის მარცვლეულის მიწოდებას უშლის ხელს“,- განუცხადა `Reuters-ს ზერნინმა.
რუსული მარცვლეულის მიწოდებაზე შეზღუდვების საკითხს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც გამოეხმაურა.
„როგორც იცით, ამერიკელების მიერ მსოფლიო ბაზარზე რუსული სასუქების მიწოდებაზე შეზღუდვები ფაქტობრივად მოიხსნა. იმედი მაქვს, თუ მათ გულწრფელად სურთ გააუმჯობესონ ვითარება სურსათის საერთაშორისო ბაზრებზე, იგივე მოხდება რუსული მარცვლეულის მიწოდებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა პუტინმა.
შესაბამისად, მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია („ამერიკა უკვე ამსუბუქებს რუსეთის მიმართ სანქციებს და დაუშვა ტრანზაქციები იმ რუსულ კომპანიებთან, რომლებიც დაკავშირებულია სასუქებთან, თესლთან, საკვებთან, მედიკამენტებსა და სამედიცინო აღჭურვილობასთან“) , არის დიდწილად სიმართლე.