

მოწოდებული ინფორმაცია
2020 წლის 29 ივლისს სააგენტო Abcnews.com.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, „მიხეილ სააკაშვილმა, შესაძლოა, ერთდროულად მეორე თანამდებობაც დაიკავოს“ და მინისტრთა კაბინეტში პრეზიდენტ ზელენსკის წარმომადგენლად დაინიშნოს.
„უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განიხილა და მხარი დაუჭირა წინადადებას მინისტრთა კაბინეტში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ, რომელსაც უმაღლესი რადას დამტკიცება არ სჭირდება. ამის შესახებ იტყობინება ZN.UA … ზელენსკი აპირებს, სააკაშვილს მინისტრთა კაბინეტში გადასცეს პრეზიდენტის წარმომადგენლის პოსტი და ამავდროულად, მან დაიკავოს ეროვნული რეფორმების საბჭოს მდივანის თანამდებობა“, – აცხადებს Abcnews.com.ge.
გადამოწმებული: 1tv.ge
როგორც სააგენტო Abcnews.com.ge აცხადებს, მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის წყაროს უკრაინული საინფორმაციო საშუალება ZN.UA წარმოადგენს. თუმცა, „ანტიფეიკმა“ გაარკვია, რომ მინისტრთა კაბინეტში პრეზიდენტ ზელენსკის წარმომადგენლად მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაცია ZN.UA-ს არ გაუვრცელებია.
ასეთი ინფორმაცია არც პრეზიდენტ ზელენსკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და არცერთ მედიასაშუალებაში არ იძებნება.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტო Abcnews.com.ge-ს მტკიცება, თითქოს, ZN.UA-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც “უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განიხილა და მხარი დაუჭირა წინადადებას მინისტრთა კაბინეტში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ” და მან (მიხეილ სააკაშვილმა), ამავდროულად, ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი მდივანის თანამდებობაც უნდა შეითავსოს, არის სიყალბე.