

მოწოდებული ინფორმაცია
alia.ge-ს, footbal.ge-ს მიერ, ასევე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის ვიდეორგოლი, რომელშიც ის 5G ტექნოლოგიებზე, კორონავირუსის პანდემიაზე, ვაქცინაციასა და „ჩიპიზაციაზე“, როგორც მასონური გეგმის ნაწილზე საუბრობს. ანალოგიური ინფორმაცია გაავრცელა resonancedaily.com-მაც, ოღონდ – ვიდეორგოლის გარეშე.
მიხეილ ცაგარელი ამბობს:„მასონური ჯგუფების ერთ-ერთი გეგმა, რომელიც ცნობილია ოდითგანვე, ეს არის 1 მილიარდამდე კაცობრიობის დაყვანა. აქედან გამომდინარე, ეს 1 მილიარდი რომ დარჩეს, 7 მილიარდი უნდა მოისპოს. ეს მოხდება ნელ-ნელა, რასაკვირველია, არა უცებ და იმის მიხედვით, რომელ ასაკშია ადამიანი – ჯერ უფროსი ასაკის ადამიანებს დაერევიან, შემდეგ სხვა თაობებსაც მიხედავენ ნელ-ნელა. დატოვებენ იმათ, ვინც იქნება ყველაზე მუშა, ყველაზე ძლიერი. მათ ექნებათ ჩიპები შეყვანილი. ამ ჩიპების მეშვეობით, მათ ძალას და ენერგიას გამოიყენებენ იმის მიხედვით, რომ ააშენონ მათი ახალი, ასე ვთქვათ, სამყარო, სადაც იქნება მათ (მასაონების) მიერ დაწყობილი ეკონომიკა, მათ მიერ დაწყობილი ქვეყნები, მათ მიერ დაწყობილი ცხოვრების პრინციპები. სულ იქნება უამრავი ადამიანი-რობოტი, რომელიც გააკეთებს იმას, რასაც უბრძანებენ.
ჩვენი მთავრობა, ჯერჯერობით, ამას არ ამობობს, მაგრამ არის საუბარი იმაზე, რომ თუ თქვენ ამაზე უარს იტყვით, მოგიხსნიან პენსიას, მოგიხსნიან სოციალურ პრივილეგიებს და ა.შ. ხედავთ რა ხდება? – ამის დასჯის პროგრამა ირთვება! იძულებითი პროგრამა ხდება! ბევრმა უმწეო მოხუცმა რა ქნას? გაიკეთებს ამას და ერთი წლის მერე დაგვემშვიდობება!
მე ვთვლი, რომ ეს თამაში ძალიან სახიფათო აღმოჩნდება და ჩვენმა მთავრობამ მასში არ უნდა მიიღოს მონაწილეობა. მაგრამ ჩვენი ჯანდაცვის მინისტრის ფრაზები ამ საყოველთაო და აუცილებელ ვაქცინაციასთან დაკავშირებით, უკვე არ მომეწონა. ეს საერთო კავშირში უნდა იყოს იმ პოლიტიკასთან, რომელიც ამ მილიარდერების და კიდევ მათ უკან მდგომი მილიარდერების ზრახვაშია ჩადებული სამყაროს მართვა სწორედ ამ გზით.
ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ყველას გთხოვოთ, მათ შორის ხანდაზმულებს, მათ შვილებს და ა.შ. – ძალიან გთხოვთ, არავითარი იძულებითი ვაქცინაციები, რადგან ეს დამთავრდება ძალიან ცუდად, იმიტომ, რომ ერთი წლის მერე თქვენ გაიხსენებთ ჩემს ნათქვამს, მაგრამ გვიან იქნება უკვე რაიმეს გამოსწორება.
გადარჩენის ვარიანტი არის რამდენიმე და ამას ისევ სამყარო გააკეთებს – სამყაროს მოჰყავს შავიც და თეთრიც. ან უნდა იყოს საყოველთაო, სახალხო პროტესტები, აჯანყება და ა.შ. რის შემდეგ შეიძლება მათ დაიხიონ უკან და შეეშინდეთ, აქ მეცნიერებიც იქნებიან ჩართულნი, პოლიტიკოსებიც და არა მარტო ჩვეულებრივი ხალხი, რაც მათ დაახევინებს უკან. ეს ერთი. ან მეორე – თავად სამყარომ გადაწყვიტოს, ვთქვათ, მესიის მოვლენის კუთხით ან სხვა რაღაც ძალების ჩარევის კუთხით. ან აქ არის რაღაც ნაწილი რუსების და ბრიტანელების და მათ აღარ მოინდომონ და ერთმანეთთან ქიშპობის მეშვეობით, გარკვეულწილად, შეაფერხონ ეს ზეგავლენა… ათასი ვარიანტია და რომ არ ვიმარჩიელოთ, მამაზეციერმა იცის რეალურად, რა იქნება და რა სახით.
მინდა გითხრათ, მომავლში კიდევ რისთვის გამოიყენებენ თანამგზავრების ამ კოსმიურ ბადეს და რას აპირებენ. ესეც არის კონფიდენციალური ინფორმაცია. ისინი შექმნიან ახალ თავის რელიგიას. ყველა რელიგია მოისპობა, საბოლოოდ ამისკენ მიდის. შეიქმნება ახალი რელიგია, ამისთვის გამოიყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, ლაზერულ და ჰოლოგრამულ სისტემებს, რისი მეშვეობით, ცაზე დაინახავთ, რომ იქ გამოჩნდა რაღაც საოცარი ღვთაება. რასაკვირველია, ეს იქნება თქვენთვის შოკი. მერე ეს ჩვენი კოსმიური მამები იტყვიან, რომ თუ ამ ღვთაებას არ დაემორჩილებით, თქვენ გელით პრობლემა. მათ შეუძლიათ ამინდის შეცვლა, უცებ დაგატყდებათ თავს, დავუშვათ, ქარი, სიცივე, წყალდიდობა… მერე გეტყვიან, რომ, იცით რა, ღვთაება გაბრაზდა თქვენზე, იმიტომ, რომ თქვენ არ მიიღეთ მისი წინადადება…
მერე გამოჩნდება მეორე ჰოლოგრამა, თითქოს, სამყაროს რაღაც ნაწილი… ადამიანი ახლა ვერ არჩევს ჰოლოგრამებს და მერე, მითუმეტეს, ცაზე რომ გამოჩნდება, იმას გაარჩევს? გამოჩნდებიან ახალი, მათთვის საჭირო ღმერთები, რომლებმაც ჩვენ ჭეშმარიტ რელიგიასთან უნდა დაგვაშორონ… გეტყვიან, აი, ეს არის ის ვისიც უნდა დაიჯეროთ! არა? მაშინ შეიცვლება ამინდი, დაიწყება უბედურებები, წყალდიდობები, შიმშილი… და მერე იტყვით, აი, ეს ყოფილა, რაც ყოფილა.
მე არ ვამტკიცებ, რომ ყველაფერი ეს ასე იქნება. მე უბრალოდ ვამბობ, რომ შესაძლებელია ამ სტილში განვითარდეს მოვლენები. ამაზე მიუთითებენ, იგივე, ბილ გეიტსის გამოსვლები, ილონ მასკის გამოსვლები, რომ ისინი ამისკენ მიდიან, მათ უნდათ ამ სამყაროს დაპყობა და მართვა, მათ შორის ვაქცინაციის მეშვეობით, პანდემიის და სხვადასხვა ვირუსების გაშვებით. კარგა ხანს ისხდნენ და ფიქრობდნენ, როგორ დაეპყროთ სამყარო და მიაგნეს ამ მეთოდს, რომელმაც, ასე თუ ისე, უკვე იმუშავა და შესაძლოა, კიდევ იმუშავოს“.
გადამოწმებული: 1tv.ge
alia.ge-ს, footbal.ge-ს მიერ, ასევე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის ვიდეორგოლი (resonancedaily.com-ის მიერ – მხოლოდ ინფორმაცია), რომელშიც ის 5G ტექნოლოგიებზე, კორონავირუსის პანდემიაზე, ვაქცინაციასა და „ჩიპიზაციაზე“, როგორც მასონური გეგმის ნაწილზე საუბრობს. თუმცა, მიხეილ ცაგარელი ამას ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე აკეთებს. ის აცხადებს: „მე არაფერს არ ვამტკიცებ, იმიტომ რომ არავითარი დამამტკიცებელი საბუთი ასეთი მნიშვნელოვან თემებს არასოდეს არა აქვს“.
აღსანიშნავია, რომ 5G ტექნოლოგიების შესახებ კონსპირაციული თეორიები ახალი კორონავირუსის გავრცელებისთანავე დაიწყო და არაერთი სახელმწიფოს მოქალაქეებში გამოიწვია აჟიოტაჟი. დიდ ბრიტანეთში სატელეფონო ანძებზე თავდასხმის რამდენიმე ათეული შემთხვევა დაფიქსირდა. ასევე არაერთი ინციდენტი მოხდა ნიდერლანდებში, იტალიაში, კვიპროსსა და შვედეთში, სადაც სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები განხორციელდა.
საქართველოში 5G ტექნოლოგიების წინააღმდეგ ბრძოლა სოციალურ ქსელებსა და მედიას არ გასცილებია და მეხუთე თაობის მობილურ კავშირს არა მხოლოდ კორონავირუსის გავრცელება, არამედ ბევრი სხვა „მავნე“ თვისებაც მიეწერა, თუმცა არანაირი მეცნიერული მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ეს ტექნოლოგიები ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, არ არსებობს.
საქმე იმაშია, რომ 5G სიხშირეებს 30-300 გიგაჰერცის დიაპაზონში იყენებს, რაც არ არის ელექტროლიტების ამოვარდნისთვის ან ადამიანის სხეულის ქსოვილებთან კონტაქტისას მათში ქიმიური ბმების დასარღვევად საკმარისი ენერგია. შესაბამისად, ამ დიაპაზონს „არაიონიზებად“ ელექტრომაგნიტურ რადიაციას უწოდებენ.
უფრო მეტიც, ბირთვული უსაფრთხოების სააგენტოების მიერ დამტკიცებულია, რომ ჯანმრთელობაზე უარყოფითი ეფექტები ამაზე უფრო ძლიერ რადიაციასაც არა აქვს. რადიაციას კანთან კონტაქტი შეუძლია მაგალითად მაშინ, როდესაც 5G მობილური ყურთან მიგვაქვს დასარეკად. სწორედ ამ დროს ხდება არაიონიზებადი რადიაციის ყველაზე მეტად გამოსხივება. თუმცა, ეს გამოსხივება საკმაოდ დაბალია, უსაფრთხოების რეკომენდებული დონის ზედა ზღვართან შედარებით.
ერთადერთ შემთხვევად, როდესაც ტელეფონით რაიმე ვირუსის გადატანაა შესაძლებელია, მხოლოდ დაინფიცირებული პირის ტელეფონით სარგებლობა მოიაზრება.
რაც შეეხება ვაქცინაციას, კონსპირაციონისტული მითქმა-მოთქმა, თავდაპირველად, სოციალურ მედიაში ატყდა, რომ ახალი კორონავირუსი ჩინეთის საიდუმლო სამთავრობო ლაბორატორიაში გამოიყვანეს. შემდეგ ამას მოჰყვა ბრალდებები ხელისუფლებებისა თუ ცნობილი ადამიანების წინააღმდეგ.
New York Times-ის მოკვლევის შედეგად ირკვევა, რომ კონსპირაციული თეორიის მიმდევრებმა ბილ გეიტსის კორონავირუსთან დაკავშირება იანვარში დაიწყეს, ულტრამემარჯვენე კონსპირაციულ თეორია QAnon-თან დაკავშირებული პირის მიერ იუთუბზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელშიც მისი ავტორი ამბობს, რომ გეიტსმა კორონავირუსის პანდემიის შესახებ წინასწარ იცოდა.
რამდენიმე დღის შემდეგ, კონსპირაციული თეორიების მიმდევარ ალექს ჯონსის კუთვნილმა ვებგვერდმა Infowars-მა, რომელიც აცხადებს, რომ 2012 წელს სენდი-ჰუკის დაწყებით სკოლაში მომხდარი მასობრივი ხოცვა-ჟლეტა დადგმულია — გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც მოცემულია დეზინფორმაცია, თითქოს ბილ გეიტსის ფონდი Gates Foundation-ი 2019 წლის ბოლოს სცდიდა კორონავირუსის გლობალური პანდემიის სიმულაციას.
მთელ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, მის შესახებ უფრო მძლავრად აგორდა დეზინფორმაციის ტალღაც. სამწუხაროდ, კორონავირუსის შესახებ ყალბი ინფორმაციის ტალღა საქართველოშიც მძვინვარებს, განსაკუთრებით კი კონსპირაციული თეორიები.
„უბრალოდ ირონიაა, როდესაც პანდემიის გავრცელებაში ადანაშაულებ ადამიანს, რომელიც, ჩემ შემთხვევაში მილიარდებს ხარჯავს, რათა მსოფლიო მზად იყოს ინფექციურ დაავადებათათვის საჭირო ყველანაირი ხელსაწყოთი, ადამიანს, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ მთელ მსოფლიოში გადაიჭრას ინფექციური დაავადებების პრობლემა. თუმცა, ჩვენ ახლა შეშლილ მდგომარეობაში ვართ და შესაბამისად, შეშლილი ჭორებიც მრავლად ვრცელდება“, — აღნიშნავს ბილ გეიტსი.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის განცხადებები 5G ტექნოლოგიებზე, კორონავირუსის პანდემიაზე, ვაქცინაციასა და „ჩიპიზაციაზე“ არის აბსურდი.