„ალასკაში პრეზიდენტ პუტინის მხარდამჭერი ბანერი გამოფინეს“

მოწოდებული ინფორმაცია

2022 წლის ივლისში, სოციალურ მედიაში გავრცელდა ალასკაზე გადაღებული ფოტო, რომელზეც გამოსახულია ოთხი ადამიანი და მათ თავზე გამოფენილი რუსულენოვანი ბანერი წარწერით, „პუტინი – ჩვენი პრეზიდენტი“.

ასევე, წარწერის მარჯვენა მხარეს, რუსული პარტია „ედინაია როსიას“ ემბლემის ქვეშ, იკითხება სიტყვა „IceCrimea“ („ყინულოვანი ყირიმი”).

ფოტო ტვიტერ და ფეისბუქ სივრცეში ცირკულირებდა და ასობით გამოხმაურება და გაზიარება დააგროვა.

 

გადამოწმებული: 1tv.ge

Reuters-ის მიხედვით, ორიგინალი ფოტოსურათი ერთ-ერთ სამოგზაურო ბლოგზე 2009 წლის 7 ივლისს გამოქვეყნდა.

მასზე წერია არა პუტინის მხარდამჭერი ტექსტი, არამედ მისასალმებელი ზოგადი სიტყვები: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჰაიდერში, ალასკაზე“.

საიტზე, აღნიშნულ ფოტოსთან ერთად, ჰაიდერში გადაღებული სხვა სურათებიცაა გამოქვეყნებული.

„ადგილზე არაფერი შეგვხვედია ერთი ბანერის გარდა, რომელზეც ეწერა „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჰაიდერში, ალასკაზე“, – წერს ბლოგის და სურათების ავტორი.

მეორე მხრივ, რუსულენოვანი ბანერი, რომელიც ორიგინალ ფოტოზეა გამოსახული, რუსული გამოცემა „კომერსანტის“ საიტზე იძებნება.

აღწერის მიხედვით, ფოტო 2014 წელს ყირიმის ქალაქ სიმფეროპოლშია გადაღებული. ბანერზე, რომელიც ქალს უჭირავს ხელში, იკითხება იდენტური წარწერა ( „პუტინი – ჩვენი პრეზიდენტი“) და გამოსახულია პოლიტიკური პარტიის ემბლემა. ასევე, ალასკას ფოტოსგან განსხვავებით, ლოგოს ქვეშ არის წარწერა : „ყირიმი/ გაერთიანებული რუსეთი/პარტენიტი“.

2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირების შემდეგ, ჟურნალისტმა კირილ კლეიმოვმა ხუმრობით ალასკას „Ice Crimea” (ყინულოვანი ყირიმი) უწოდა.

კლეიმოვმა პუტინის მიერ დასმული კითხვის გასანეტრალებლად იხუმრა. პუტინს ჰკითხეს, აპირებდა თუ არა ყირიმის შემდეგ ალასკას ანექსიასაც.

„ეს პოპულარული ხუმრობაა ბატონო პუტინ, ხალხი ალასკას „Ice Crimea”-ს ეძახის“, – აღნიშნა კლიმოვმა. პუტინმა კი უპასუხა, რომ იცოდა ამ ხუმრობის შესახებ.

რუსეთის მიერ ალასკას ანექსირების და „დაბრუნების” „კამპანია” 2022 ივლისში გააქტიურდა, როდესაც რუსეთის დუმის თავჯდომარემ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს რუსეთისთვის ალასკა აქვს დასაბრუნებელი.

ამდენად, სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ალასკაში პრეზიდენტ პუტინის მხარდამჭერი ბანერი გამოფინეს“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით