მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 3 აპრილს, რუსულმა საინფორმაციო სააგენტო „რეალისტმა“, საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე განათავსა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ახალქალაქში, ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის ადგილზე, თურქეთი თავის ბაზის განთავსებას აპირებს, რომლის სარემონტო სამუშაოებს თურქული კომპანია ახორციელებს.

„რუსეთი არ გასულა საქართველოდან, მან ის თურქებს დაუთმო“, – აცხადებს „რეალისტი“.

გადამოწმებული: 1tv.ge

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ „ანტიფეიკს“ განუცხადა, რომ რუსული გვერდი (Реалист-realtribune.ru) ცდილობს, გააცოცხლოს მრავალჯერ გაქარწყლებული დეზინფორმაციული ნარატივი და ამტკიცებს, თითქოს, ახალქალაქში ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები თურქული სამხედრო ბაზის განლაგებას უკავშირდება.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე განლაგებულია საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში გაიხსნა და უზრუნველყოფს თავდაცვის ძალებისათვის რეკრუტთა საწყისს საბრძოლო მომზადებას. იქ მიმდინარე ყველა ტიპის სამუშაო არის თავდაცვის ძალებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული განახლების პოლიტიკის ნაწილი. აღნიშნული ცენტრის ინფრასტრუქტურის გამართვასა და მოწესრიგებას თავდაცვის ძალების სამშენებლო კომპანია ახორციელებს. აღნიშნულ სამხედრო ნაწილში ასევე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილიც და მათ ყველაზე კარგად იციან ამ ცენტრის რეალური დანიშნულება და მნიშვნელობა საქართველოს თავდაცვის ძალებისათვის“, – აცხადებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და დასძენს, რომ „აღნიშნული დეზინფორმაცია წარმოადგენს რუსული პროპაგანდის კლასიკურ მაგალითს, რომლის მიზანია საზოგადოებაში დაბნეულობისა და დაპირისპირების შემოტანა“.

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაიაც სააგენტო „რეალისტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „ტიპურ რუსულ დეზინფორმაციას“ უწოდებს, რომლის მიზანია რეგიონში დაძაბულობის შემოტანა.

„სამცხე-ჯავახეთში და საერთოდ, საქართველოში დღის წესრიგში არასდროს დამდგარა თურქეთის სამხედრო ბაზის განთავსების საკითხი. ასევე, არც ერთი  თურქული კომპანია საქართველოს სამხედრო ობიექტებზე არანაირ სამუშაოებს არ აწარმოებს“, – განუცხადა „ანტიფეიკს“ ირაკლი ბერაიამ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსული საინფორმაციო სააგენტო „რეალისტის“ ფეისბუქ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით