

მოწოდებული ინფორმაცია
2021 წლის 10 ივნისს, „ბათუმიTV“-ის ეთერში, ჰომეოპათმა თინა თოფურიამ განაცხადა, რომ „პფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინები დნმ-ის გენეტიკურ კოდს ცვლიან.
„ მოხდა ისე, რომ ახალი ვაქცინებისადმი უნდობლობა გაჩნდა საზოგადოებაში იმიტომ, რომ ისინი გენეტიკურ კოდს ცვლიან. როგორც ამბობენ თვითონვე, აკეთებენ უჯრედების კოდირებას და უნდა გადააკეთონ შენი დნმ. მე დნმ-ში ჩარევის აუცილებლობას კი არა, თანხმობას ვერ მივცემ, რომ ვინმეს დნმ-ზე ჰქონდეს გავლენა. ეს არის ღმერთის ფუნქციებში ჩარევა. ყველას აქვს დნმ, ეს არის ის, სადაც ჩაწერილია შენი წარსული, აწყმო, მომავალი, შენი გენეტიკური კოდი, ყველაფერი. იმის შეცვლა აბსოლუტურად არ არის საჭირო. ისინი გვეუბნებიან, რომ კოდირებას უკეთებენ შენს დნმ-ს, შენს ცილებს. ეს არის დაუშვებელი, ჩემი თვალსაზრისით, როგორც რელიგიურად… კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ღმერთის ფუნქციებში ჩარევას ნიშნავს, მითუმეტეს, როცა ბავშვებს ეხება ეს. ეს არის „პფაიზერი“, „მოდერნა“, რამდენიმე ვაქცინა ახალი ტიპის“, – განაცხადა თინა თოფურიამ.
გადამოწმებული: 1tv.ge
შეიძლება თუ არა კოვიდვაქცინამ შეცვალოს გენეტიკური კოდი, როგორ გზას გადის ის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ და ზოგადად, როგორია გენეტიკური ინფორმაციის გადაცემის თანმიმდევრობა, „ანტიფეიკმა“ ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორთან, ნანა გიორგობიანთან გადაამოწმა.
„რნმ ვაქცინა არის ცხიმოვან გარსში გახვეული (რნმ ვაქცინებს უწოდებენ არატრადიციული მეთოდით დამზადებულ ვაქცინებს: „მოდერნას“, „პფაიზერს“). სწორედ ამ ცხიმოვან გარსს შეაქვს უჯრედში ვირუსის რნმ ვაქცინა. ვინაიდან თავად უჯრედიც არის ცხიმოვან გარსში, რნმ ვაქცინას ცხიმი და უჯრედის ცხიმი ერთმანეთს ადვილად უერთდება. როდესაც უჯრედი უცხო ცილას მიიღებს, იწყება იმუნური უჯრედების აქტივაცია. ვირუსის რნმ კი დაახლოებით, 72 საათში იშლება და ქრება, ანუ ამ პროცესს მუდამ ერთი მიმართულება აქვს უჯრედის ბირთვიდან ციტოპლაზმაში, ანუ შიგნიდან გარეთ, ანუ გენეტიკური ინფორმაციის გადაცემის თანმიმდევრობაა დნმ რნმ ცილა, ესე იგი, ვაქცინით შეტანილი უცხო ცილა ციტოპლაზმიდან არ გადავა ბირთვში, სადაც დნმ-ია, შესაბამისად ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს დნმ-ზე“, – განაცხადა ნანა გიორგობიანმა.
კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა რომ დნმ-ის გენეტიკურ კოდზე არ მოქმედებს, ამის შესახებ „პირველ არხთან“ ისაუბრა ამერიკული ინსტიტუტის, Sabin Vaccine Institute-ის გლობალური იმუნიზაციის პრეზიდენტმა ბრიუს გელინმა:
„ინფორმაციული რნმ-ის ვაქცინა მართლაც ახალი ტექნოლოგიაა და ხანგრძლივ კვლევებს ეფუძნება. მისი მთავარი ღირსება ის გახლავთ, რომ უჯრედებში ვირუსულ ცილას ხელოვნურად წარმოქმნის და როცა კორონავირუსის სპაიკცილები ორგანიზმში ბუნებრივად აღწევს, დაინფიცირების ნაცვლად, ჩვენი იმუნიტეტი მას ცნობს, პასუხს სცემს და თრგუნავს. არსებობს ხშირად დასმული კითხვა ამ და სხვა ვაქცინების ირგვლივ. ადამიანების ნაწილი შიშობს, ხომ არ მოქმედებს იგი დნმ-ზე, მათ გენზე. ეს შიში უსაფუძვლოა,რადგან ვაქცინა უჯრედებში მხოლოდ ვირუსულ ცილას წარმოქმნის და თავისი მოვალეობის შესრულებას ამით ამთავრებს“.
შესაბამისად, 2021 წლის 10 ივნისს, „ბათუმიTV“-ის ეთერში ჰომეოპათ თინა თოფურიას გავრცელებული ინფორმაცია, რომ „პფაიზერი”, „მოდერნა” და სხვა ვაქცინები ადამიანს დნმ-ს უცვლის, არის სიყალბე.