მოწოდებული ინფორმაცია

მოწოდებული ინფორმაციის თანახმად,  თურქეთის რესპუბლიკაში დროებით, სეზონური დასაქმების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს ლეგალურად დასაქმების საშუალება ექნებათ. „ამ სეზონზე საქართველოს ასეულობით მოქალაქეს დროებითი სამუშაოს საძიებლად (ჩაის კრეფა, თხილის მოგროვება) თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლა სურს. თურქულმა მხარემ გასული წლის სექტემბერში ახალი კანონი მიიღო უცხოელი მოქალაქეებისთვის, რაც სოფლის მეურნეობაში, სეზონურად, ლეგალური დასაქმების საშუალებას იძლევა.
ახალი კანონი, რომელიც შარშან, სეზონური სამუშაოს ბოლოს იქნა მიღებული და ახლა აქტუალური ხდება, ვრცელდება თურქეთის სახელმწიფოს ექვს ოლქზე – სამსუნი, ორდუ, გირესუნი, ტრაბზონი, რიზე და ართვინი. ამ ოლქებში ლეგალურად შეიძლება მუშაობა, თუ აიღებთ დოკუმენტს, რომელიც სეზონურ სამუშაოზე დასაქმების მსურველ უცხოელებს ათავისუფლებს „მუშაობის ნებართვის დოკუმენტისგან“ – წერს times news.

გადამოწმებული: 1tv.ge

საქართველოს პირველი არხის მიერ გადამოწმებული ინფორმაციის თანახმად, რეგულაცია 2017 წლის სექტემბრიდან მოქმედებს. თურქეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებგვერდზე  სოფლის მეურნეობის უცხოელი სეზონური მუშების პროექტის ფარგლებში მოქალაქეებს ელექტრონული განაცხადის შევსების შესაძლებლობაც აქვთ, სადაც საკუთარი მონაცემების შევსებისა და შემდგომ, დამაკმაყოფილებელი პასუხის შემთხვევაში, თურქეთის რესპუბლიკაში სეზონურ სამსახურზე დროებით დასაქმება შეუძლიათ. აღნიშნული საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოშიც დაადასტურეს. ელექტრონული  განაცხადის შევსება ორ ეტაპად ხდება და თანხმობის შემთხვევაში დოკუმენტის მიღება უფასოა.

თურქეთის რესპუბლიკის საზღვრები მიმდინარე წლის ივნისამდე პანდემიის გამო ჩაიკეტა. ამჟამად ირანის მოქალაქეების გარდა, თურქეთში  გადასვლა ნებისმიერ პირს შეუძლია. „თურქეთისა და უცხოეთის მოქალაქეებს, რომლებიც შევლენ თურქეთის ტერიტორიაზე უტარდებათ ჯანმრთელობის კონტროლი, რა დროსაც სიმპტომების გამოვლინების შემთხვევაში ან საჭიროებიდან გამომდინარე, PCR ტესტი გაკეთდება უფასოდ. ამ პროცესთან დაკავშირებული პირობები და წესები დადგინდება თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ“ – წერია თურქეთის საელჩოს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში. თუმცა covid-19 –ით გამოწვეული შეზღუდვების გამო საქართველოს მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვრები თურქეთთან დაკეტილია.

2017 წლის სექტემბერში  მიღებული კანონი მიმდინარე წელსაც ძალაში რჩება და შესაბამისად, მოწოდებული ინფორმაცია არის სიმართლე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით