„აფხაზებმა, დროშის დღის ზეიმზე, ხუთჯვრიანი დროშაც გამოიტანეს“

მოწოდებული ინფორმაცია

სოციალურ ქსელებსა და ზოგიერთ მედიასაშუალებაში (მაგ. „ჯორჯიან ტაიმსი“) გავრცელდა აფხაზეთში, აფხაზური დროშის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე გადაღებული კადრები, რომლებშიც, სხვა დროშებთან ერთად, ხუთჯვრიანი დროშაც ჩანს.

სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, რომ აფხაზებმა, 23 ივლისს გამართულ დროშის დღის ზეიმზე, საქართველოს ეროვნული დროშა გამოიტანეს.

გადამოწმებული: 1tv.ge

აფხაზები თეთრ ხუთჯვრიან დროშას აფხაზურ ისტორიულ დროშად მიიჩნევენ. ამის დასაბუთებას, ისინი, ძირითადად, მალიორკელი კარტოგრაფის, ანჯელინო დულჩერის პორტულანებით (ზღვაოსნობის პრაქტიკული სახელმძღვანელო რუკა, შეიცავს სანაპიროების, ნავსადგურების, საზღვაო გზების აღწერას) ცდილობენ.

დულჩერის ერთ-ერთ რუკაზე (1339 წელი, ინახება საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში), თბილისის თავზე, გამოსახულია თეთრი დროშა დიდი წითელი ჯვრით და ოთხი პატარა წითელი ჯვრით დროშის კუთხეებში. სებასტოპოლისის (სოხუმის) დროშა კი ორკომპონენტიანია: პირველი თბილისის დროშის ანალოგიურია, მეორე – მწვანე და თეთრი ზოლებისგან შედგება.

ასეთივე დროშაა გამოსახული დულჩერის კიდევ ერთ რუკაზე, რომელიც 1340 წლით თარიღდება და ბრიტანეთის მუზეუმშია დაცული.

სებასტოპოლისის თავზე თეთრ დროშას (დიდი წითელი ჯვრით და ოთხი პატარა წითელი ჯვრით დროშის კუთხეებში), მწვანე-თეთრზოლებიან დროშასთან ერთად, ასევე ვხვდებით გაბრიელ დე ვალსეკას რუკაზეც. ის 1439 წლით თარიღდება და ბარსელონას საზღვაო მუზეუმში ინახება.

ორივე ზემოთ აღწერილი დროშა გვხვდება გენუელი პიეტრო ვესკონტეს პორტოლანშიც (1325 წელი, დიდი ბრიტანეთის სამეფო ბიბლიოთეკა)…

ამდენად, აფხაზები ხუთჯვრიან დროშას არა მარტო ქართულ, არამედ აფხაზურ ისტორიულ დროშადაც თვლიან და დროშის დღის ზეიმზე ამიტომაც გამოიტანეს.

შესაბამისად, სოციალურ ქსელებსა და ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებული კადრები და ინფორმაცია, რომ „აფხაზებმა, დროშის დღის ზეიმზე, ხუთჯვრიანი დროშაც გამოიტანეს“, არის სიმართლე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით