„აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალურმა ინსტიტუტმა, Big Pharma-სთან და ნიუ-იორკის შტატის მინდობით აღზრდის სისტემასთან შეთანხმებით, ობოლ ბავშვებზე ექსპერიმენტები ჩაატარა, რის შედეგადაც 200-ზე მეტი ბავშვი გარდაიცვალა“

მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 28 ოქტომბერს, გამოცემა Before It’s News-მა  (beforeitsnews.com) გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, „აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალურმა ინსტიტუტმა, Big Pharma-სთან და ნიუ-იორკის შტატის მინდობით აღზრდის სისტემასთან შეთანხმებით, ობოლ ბავშვებზე ექსპერიმენტები ჩაატარა, რის შედეგადაც 200-ზე მეტი ბავშვი გარდაიცვალა”.

ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის კონგრესმა და მედიამ ამ ფაქტს ყურადღება არ მიაქცია, ხოლონ ნიუ-იორკის შტატის მინდობით აღზრდის სისტემამ მომხდარი დანაშაული დაფარა.

ამავე დღეს, 28 ოქტომბერს, აღნიშნული ინფორმაცია ქართულ ფეისბუქ-სივრცეში გავრცელდა,  ხოლო მოგვიანებით, 2021 წლის 8 ნოემბერს, ინფორმაცია ინტერნეტ-პორტალ tvm.ge-ზეც გამოქვეყნდა.

 

გადამოწმებული: 1tv.ge

Before It’s News-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თავდაპირველი „ვერსია“ ვებსაიტ Unite America-ზე გამოქვეყნდა, სათაურით: „დოქტორი ფაუჩიშტეინი აივ-დადებით ობოლ ბავშვებზე ექსპერიმენტებს აფინანსებდა… 25 გარდაიცვალა“.

ანუ, პირველწყაროში, 200-ის ნაცვლად, საუბარი იყო 25 ბავშვის გარდაცვალებაზე.

რეალურად, კი მოხდა ის, რომ ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნულმა ინსტიტუტმა, ნამდვილად დააფინანსა ნიუ იორკში კლინიკური კვლევები მინდობით აღზრდაში მყოფი აივ-დადებითი ბავშვებისთვის, თუმცა, კვლევის ანგარიშში ნათქვამია, რომ კვლევებში მონაწილეობა 25 გარდაცვლილი ბავშვიდან არცერთის გარდაცვალების მიზეზი არ ყოფილა.

კონსპირაცია 25 ბავშვის გარდაცვალებაზე Vera Institute of Justice-ის მიერ 2009 წელს გამოქვეყნებული ანგარიშიდან მოდის.

ამ ანგარიშის მიხედვით, 1985-2005 წლებში 88 კლინიკურ კვლევაში მონაწილე 532 აღსაზრდელიდან 25 აივ-ინფიცირებული ბავშვი გარდაიცვალა, თუმცა ბავშვების გარდაცვალების მიზეზად კლინიკურ კვლევებში გამოყენებული მედიკამენტები არ დასახელებულა.

AP News-ს Vera-ს ანგარიშის თანაავტორმა ტიმ როსმა განუცხადა, რომ „პიროვნებები რომლებიც 25 ბავშვის გარდაცვალების მიზეზად კლინიკური კვლევებს ასახელებენ, სრულიად არასწორად კითხულობენ ანგარიშს და სინამდვილეში, ბავშვები, რომლებიც კვლევებში მონაწილეობდნენ, თავიდანვე მძიმედ იყვნენ ავად “.

Vera Institute of Justice-ის საგამოძიებო ჯგუფმა შეძლო გარდაცვლილი ბავშვების შესახებ სამედიცინო ინფორმაციის მოძიება, რის შედეგადაც გაირკვა, რომ კლინიკურ კვლევებში მონაწილე 25 აღსაზრდელიდან 22-ს შიდსთან დაკავშირებული მრავალი გართულება კლინიკურ კვლევაში ჩართვამდე განუვითარდა და ამავე დროს, მათი მკურნალობის ალტერნატიული გზები არ არსებობდა.

ამდენად, ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნულმა ინსტიტუტის მიერ დაფინანსებულ კვლევის შემდეგ გარდაიცვალა 25 ბავშვი და მათი გარდაცვალება კვლევის ფარგლებში მიღებულ მედიკამენტებს არ უკავშირდება.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, Before It’s News-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს „აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალურმა ინსტიტუტმა, Big Pharma-სთან და ნიუ-იორკის შტატის მინდობით აღზრდის სისტემასთან შეთანხმებით, ობოლ ბავშვებზე ექსპერიმენტები ჩაატარა, რის შედეგადაც 200-ზე მეტი ბავშვი გარდაიცვალა”, არის სიყალბე.

შესაბამისად, სიყალბეს წარმოადგენს ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ქართულ მედია და ფეისბუქ-სივრცეში გავრცელებული ანალოგიური მასალებიც.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით