

„70 უკრაინელი დეპუტატი, რომელიც არჩევნებზე დამკვირვებლად მოფრინავდა, ბოლო წუთში არ შემოუშვეს“
მოწოდებული ინფორმაცია
2020 წლის 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა, ფეისბუქ-ჩართვისას, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის 31 ოქტომბრის არჩევნების დამკვირვებლებზეც ისაუბრა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „70 უკრაინელი დეპუტატი, რომელიც არჩევნებზე დამკვირვებლად საქართველოში მოფრინავდა, ბოლო წუთში არ შემოუშვეს“.
გადამოწმებული: 1tv.ge
საქართველოს სამოქალქო ავიაციის სააგენტომ უარყო მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უკრაინის რადას დეპუტატების დელეგაციის ჩარტერული რეისი ქართული მხარის უარის გამო გაუქმდა.
„ავიაკომპანია „SkyUp Airlines”-ის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შემოვიდა განაცხადი 30 ოქტომბერს კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებით კერძო ჩარტერული ფრენის განხორციელების მიზნით ნებართვის გაცემის თაობაზე. „SkyUp Airlines”-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, ჩარტერული რეისი მიზნად ისახავდა უკრაინის რადას დელეგაციის ჩამოყვანას, მათი დამკვირვებლების სახით არჩევნებზე დასწრების მიზნით. თუმცა, 30 ოქტომბერს, 02:09 საათზე “SkyUp Airlines”-მა სააგენტოს კვლავ მომართა ფრენაზე ნებართვის მოთხოვნის ანულირების თაობაზე, რის მიზეზადაც დამკვეთი მხარის მიერ მოთხოვნილი ფრენის გაუქმება დაასახელა“ – ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.
ამასთან, უწყება ავიაკომპანია „SkyUp Airlines”-ის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში გაგზავნილ ზემოთ აღნიშნულ შეტყობინებასაც ასაჯაროებს.
ამდენად, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ „70 უკრაინელი დეპუტატი, რომელიც არჩევნებზე დამკვირვებლად საქართველოში მოფრინავდა, ბოლო წუთში არ შემოუშვეს“, არის სიყალბე.