„51-ე სკოლაში ინფექციას ერთ-ერთი მასწავლებლის სიცოცხლე ემსხვერპლა... სკოლის ადმინისტრაციამ უწყებას ონლაინ რეჟიმზე გადასვლის მოთხოვნით მიმართა, თუმცა სამინისტროსგან უარი მიიღო“

მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 14 მაისს, ტელეკომპანია „TV პირველმა“ თავის ეთერში, აგრეთვე საკუთარ ფეისბუქ და ვებ-გვერდებზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ კორონავირუსს თბილისის 51-ე საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი ემსხვერპლა და სკოლაში მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა შექმნილი.

„მასწავლებლის გარდაცვალების მიუხედავად, სამინისტროს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი  სკოლაში მაინც გრძელდება. სკოლის ადმინისტრაციამ უწყებას ონლაინ რეჟიმზე გადასავლის მოთხოვნით მიმართა, თუმცა სამინისტროსგან უარი მიიღო“, – აცხადებს  „TV პირველი“.

გადამოწმებული: 1tv.ge

თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დირექტორი თიკო გურამიშვილი ტელეკომპანია „TV პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კოვიდეპიდემიის „თემით მანიპულირებას“ უწოდებს და „პანდემიის პირობებში ხალხის კიდევ უფრო შეშინება და შეცდომაში შეყვანა“ „მავნებლობად“ მიაჩნია.

მისი განცხადებით, გარდაცვლილი პედაგოგი 2019 წლიდან უკვე აღარ არის 51-ე საჯარო სკოლის თანამშრომელი, რადგან მან სამსახური საპენსიო პროგრამის ფარგლებში დატოვა.

თიკო გურამიშვილი ასევე განმარტავს, რომ სასაწავლო პროცესის განახლების შემდეგ (13 მაისი), 51-ე სკოლას განათლების სამინისტროსთვის სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის თხოვნით არ მიუმართავს (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში „ანტიფეიკს“ დაუდასტურეს, რომ შესაბამისი თხოვნით 51-ე საჯარო სკოლას სამინისტროსთვის არ მიუმართავს, რადგან „სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის საჭიროება არ არსებობს“).

თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დირექტორის თქმით, „სკოლის პედაგოგები 2-კვირიანი ინტერვალით იტესტებიან და სკოლაში მუდმივად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები, რაც  ვირუსის გავრცელების პრევენციას ემსახურება“. თიკო გურამიშვილის განცხადებით,  ტელეკომპანია „TV პირველის“ სიუჟეტი მისთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა, რადგან მან ტელეკომპანიის „ჟურნალისტს დეტალურად აუხსნა რეალური ვითარება“.

ტელეკომპანია „TV პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროც გამოეხმაურა. უწყებაში აცხადებენ, რომ „შეგნებულად გავრცელებული ცრუ ინფორმაცია თბილისის 51-ე საჯარო სკოლის შესახებ სამინისტროს დისკრედიტაციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად“. სამინისტრო ასევე ადასტურებს 51-ე საჯარო სკოლის დირექტორის განცხადებას, რომ 51-ე სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელმა, რომელიც ახლახანს კოვიდვირუსით გარდაიცვალა, „სკოლა თითქმის ორი წლის წინ დატოვა, 2019 წელს განცხადების საფუძველზე მიიღო საპენსიო ასაკის პედაგოგებისათვის დაწესებული ჯილდო და საკუთარი ნებით გავიდა განათლების სისტემიდან.  შესაბამისად, ის ამჟამად არ არის 51-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი“.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, 2021 წლის 14 მაისს, ტელეკომპანია „TV პირველის“  ეთერში, აგრეთვე მის ფეისბუქ და ვებ-გვერდებზე გავრცელებული ინფორმაცია („ 51-ე სკოლაში ინფექციას ერთ-ერთი მასწავლებლის სიცოცხლე ემსხვერპლა… სკოლის ადმინისტრაციამ უწყებას ონლაინ რეჟიმზე გადასვლის მოთხოვნით მიმართა, თუმცა სამინისტროსგან უარი მიიღო“) არის სიყალბე. 

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით