„5 თვეა გასული და მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, არანაირი ანტიეპიდემიური, საბიუჯეტო შემწეობა არ მიუღია და ახლაც იგი უდიდეს ნაწილს კვლავ არ შეეხება“

მოწოდებული ინფორმაცია

2020 წლის 6 აგვისტოს, საინფორმაციო სააგენტო euronews.ge-მ გაავრცელა ლეიბორისტული პარტიის უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელის, ლაშა ჩხარტიშვილის კომენტარი „კოვიდ-19“-ის პანდემიის შედეგად დაზარალებულებული მოქალაქეებისთვის სახელმწიფოს მხრიდან გაწეულ დახმარებასთან დაკავშირებით.

„ხუთი თვეა გასული და მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, არანაირი ანტიეპიდემიური, საბიუჯეტო შემწეობა არ მიუღია და ახლაც იგი უდიდეს ნაწილს, კვლავ არ შეეხება“, – აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი.

გადამოწმებული: 1tv.ge

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 6 აგვისტოს მდგომარეობით, დარეგისტრირებულია კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 251 690 პირი. მათგან 300-ლარიანი კომპენსაცია უკვე მიიღო 170 948 პირმა (სულ გადაირიცხა 51 284 400 ლარი).

რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა:  მაისის თვეში – 72 853 პირს ( 14 570 600 ლარი); ივნისის თვეში კომპენსაცია გაიცა 152 946 პირზე, 30 589 200 ლარის ოდენობით, ხოლო ივლისის თვეში – 117 895 პირზე – 23 551 900 ლარი.

ორივე ზემოთ დასახელებული მიმართულებით, თანხების ეტაპობრივი ჩარიცხვა გრძელდება.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 აპრილის დადგენილების („კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“) საფუძველზე, 2020 წლის მარტში, აპრილსა და მაისში ელექტროენერგიის მოსაკრებელი სახელმწიფომ დაუფინანსა დაახლოებით 1 მილიონ 200 ათას აბონენტს, ბუნებრივი აირის საფასური – დაახლოებით 670 ათას ოჯახს. სახელმწიფომ ასევე  დააფინანსა წყალმომარაგება-დასუფთავების მოსაკრებელი. ყველა ამ შეღავათის დასაფინანსებლად, საერთო ჯამში, 150 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. ამასთან, დაახლოებით 10 ათასმა მოქალაქემ სახელმწიფოს მხრიდან კომუნალური მომსახურების დაფინანსებაზე უარი თქვა.

გარდა ამისა, „კოვიდ -19“-ის წინააღმდეგ მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ფარგლებში: ა) 6000-ზე მეტ ბიზნესსუბიექტებს 4 თვის ქონების და საშემოსავლო გადასახადი გადაუვადდა 2020 წლის 1-ელ ნოემბრამდე; ბ) მცირე სასტუმროებს მიეცათ შესაძლებლობა,  ესარგებლათ საბანკო სესხის 6 თვის პროცენტის თანადაფინანსებით; გ)  ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000 ქულის ჩათვლითაა – თითო ოჯახზე მიიღებენ საშუალოდ 600 ლარიან დახმარებას, 6 თვეში (პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა 190 ათასზე მეტი ფიზიკური პირია ხოლო ბიუჯეტი – 50 მილიონი ლარი). 

ასევე შემუშავდა ახალი სახელმწიფო პროგრამა, სახელწოდებით „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირება“, რომელიც  ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და ხვნის მომსახურების ღირებულების სუბსიდირებას.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 7 აგვისტოს მდგომარეობით, აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 112 000-მდე ბენეფიციარმა 29 000 ტონაზე მეტი მოცულობის აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები მიიღო. იმ ფერმერებმა, რომლებმაც უკვე გაანაღდეს ფასდაკლების ბარათები, ჯამურად, 3,600,000 ლარამდე დაზოგეს.

ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის ბოლომდე მოქალაქეებისთვის სოციალური დახმარებების გაცემის კიდევ ერთი ეტაპი განხორციელდება, რომლის საერთო ბიუჯეტი 480 მლნ ლარია. კერძოდ:

-17 წლის ჩათვლით საქართველოს ყველა მოქალაქე ერთჯერადად 200-ლარიან დახმარებას მიიღებს (პროგრამის ბიუჯეტი 170 მილიონი ლარია);

-ყველა თვითდასაქმებულს, რომელმაც მთავრობას მიმართა, თუმცა დოკუმენტაცია არ ჰქონდა გამართული, ერთჯერადი დახმარების სახით, მიეცემა 300 ლარი;

-მოქალაქეებისთვის კომუნალური მხარდაჭერის პროგრამა ზამთრის თვეებშიც (2020 წლის ნომბერ-დეკემბერი და 2021 წლის იანვარ-თებერვალი) გაგრძელდება, რისთვისაც 280 მილიონი ლარი გამოიყო;

-150 ათასამდე სოციალური ქულის მქონე და სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სახელმწიფო გარკვეული პერიოდის განმავლობაში სწავლის საფასურს დაუფინანსებს და ამაში 35 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ლეიბორისტული პარტიის უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელის, ლაშა ჩხარტიშვილის განცხადება, რომ „5 თვეა გასული და მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, არანაირი ანტიეპიდემიური, საბიუჯეტო შემწეობა არ მიუღია და ახლაც იგი უდიდეს ნაწილს, კვლავ არ შეეხება“, – არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით