მოწოდებული ინფორმაცია

2020 წლის 28 ნოემბერს, რადიო „თავისუფლებამ“ გაავრცელა ინფორმაცია სათაურით, „აკრძალვის მიუხედავად კახეთში სავაჭრო ობიექტები მაინც მუშაობს“. მასში აღნიშნულია, რომ „28 ნოემბრიდან დაწესებული აკრძალვების მიუხედავად, კახეთის პატარა ქალაქებში, მათ შორის ლაგოდეხში, გურჯაანში, ახმეტასა და წნორში, სავაჭრო ობიექტებმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლეს… დილიდან გახსნილია მაღაზიები, სადაც ტანსაცმელი და ფეხსაცმელი იყიდება, ასევე ღიაა ტექნიკის მაღაზიები“.

როგორც რადიო „თავისუფლება“ აცხადებს, „სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლები ეუბნებიან, რომ მათი ინფორმაციით, დაწესებული აკრძალვები მხოლოდ დიდ ქალაქებზე ვრცელდება და მათთვის არავის უთქვამს, რომ დღეიდან მუშაობა უნდა შეაჩერონ“.

რადიო „თავისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, „28 ნოემბრიდან, სხვა შეზღუდვებთან ერთად, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით აკრძალულია სავაჭრო ობიექტების მუშაობა გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა“.

გადამოწმებული: 1tv.ge

2020 წლის 26 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

ამ გადაწყვეტილების თანახმად, სავაჭრო ობიექტებს მუშაობის უფლება ეზღუდებათ დიდ ქალაქებში: თბილისში,  ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდსა და თელავში, აგრეთვე სათხილამურო კურორტებზე – ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში.

ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე ზემოთ დასახელებული შეზღუდვა არ ვრცელდება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, რადიო „თავისუფლების“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია („28 ნოემბრიდან, სხვა შეზღუდვებთან ერთად, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით აკრძალულია სავაჭრო ობიექტების მუშაობა გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა“) არის სიყალბე და შესაბამისად, ლაგოდეხში, გურჯაანში, ახმეტასა და წნორში სავაჭრო ობიექტების მიერ 28 ნოემბრიდან მუშაობის ჩვეულ რეჟიმში განახლება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას არ ეწინააღმდეგება.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით