მოწოდებული ინფორმაცია

2020 წლის 3 დეკემბერს, საინფორმაციო სააგენტო report.ge-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია სათაურით, „ბიზნესკორუფციის თავისუფლებით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა“.

„Trace International“ – ის მიერ წარმოებული კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 28-ე, ხოლო ევროპაში კვლავინდებურად საუკეთესო ოცეულშია და 19-ე ადგილზეა. 2020 წლის „კორუფციის რისკის მატრიცის“ რეიტინგში საქართველოს შეფასება წინა წელთან შედარებით 1 ქულით გაუმჯობესდა და 25 ქულით 194 ქვეყანას შორის 28-ე პოზიცია დაიკავა, ხოლო აზიის რეგიონის 50 ქვეყანას შორის მე-6 პოზიციაზეა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

report.ge ასევე წერს: „რეიტინგი ქვეყნებს აფასებს კორუფციის მიხედვით, კერძოდ, კორუფციის შესაძლებლობის, ანტიკორუფციული კანონმდებლობის, მთავრობის გამჭვირვალობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების დონის მიხედვით. ყველაზე საუკეთესო შეფასება საქართველომ მიიღო ისეთ მთავარ ქვეკომპონენტში, როგორიცაა „მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციისაგან თავისუფლება“- ამ აგრეგატში, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა“.

გადამოწმებული: 1tv.ge

Trace International -ის კვლევების თანახმად, საქართველო, 2020 წლის მონაცემების მიხედვით, ბიზნესის კორუფციის რისკით,  194 ქვეყანას შორის 28-ე ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური კვლევებით, 2019 წლის მონაცემებით, საქართველო 200 ქვეყანას შორის 27-ე ადგილს იკავებდა 26 ქულით, რაც 2018 წლის მაჩვენებლების იდენტურია და გაუარესებულია 2017 წლის მონაცემებთან შედარებით, როცა საქართველო 200 ქვეყანას შორის 25-ე ადგილს იკავებდა 23 ქულით (შედარებისთვის: 2011 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით,საქართველო 183 ქვეყანას შორის 64-ე ადგილზე იყო).

ამდენად, 2020 წლის 3 დეკემბერს report.ge-ს მიერ გავრცელებული ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია, დიდწილად, ზუსტად ასახავს Trace International-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს. უზუსტობაა სათაურში („ბიზნესკორუფციის თავისუფლებით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა“) –  სინამდვილეში, საქართველო პირველ ადგილს იკავებს არა „ბიზნესკორუფციის თავისუფლების“ საერთო მაჩვენებლით, არამედ მისი ერთ-ერთი ქვეკომპონენტის („მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციისაგან თავისუფლება“) მიხედვით.

ამდენად, report.ge-ს მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია არის დიდწილად სიმართლე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით