„2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მომხდარ ინციდენტებში რუსი სამხედრო მოსამსახურეების უშუალო მონაწილეობა ვერ დადგინა“

მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 21 იანვარს,  რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრო გამოეხმაურა 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის  გადაწყვეტილებას და გაავრცელა განცხადება სათაურით, „სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ დაუსაბუთებლად ცნო რუსეთის მიმართ საქართველოს ბრალდებები 2008 წლის 8-12 აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში“.

რუსეთის იუსტიციის სამინისტრო არ ეთანხმება  სტრასბურგის სასამართლოს დასკვნებს, მათ შორის, – 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მომხდარი ინციდენტების გამო რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას და აცხადებს, რომ „2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მომხდარ ინციდენტებში რუსი სამხედრო მოსამსახურეების უშუალო მონაწილეობა ვერ დადგინა“.

აღნიშნული განცხადება რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა და მრავალმა რუსულმა საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა.

გადამოწმებული: 1tv.ge

2021 წლის 21 იანვარს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდმა პალატამ გამოაცხადა გადაწყვეტილება სახელმწიფოთაშორისო საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“.

როგორც ცნობილია, 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე წარდგენილ სარჩელში საქართველო რუსეთს  „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ სხვადასხვა მუხლის დარღვევაში ადანაშაულებდა.

კერძოდ, საქართველო აცხადებდა, რომ რუსეთმა, ომისა და შემდგომი ოკუპაციის დროს, დაარღვია ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლები: სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი); წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი); თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი); პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი); სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი); საკუთრების დაცვა (1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი); განათლების უფლება (1-ლი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი); მიმოსვლის თავისუფლება (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი).

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ საქართველოს საჩივარში ჩამოთვლილი მუხლებიდან დაადასტურა რუსეთის ფედერაციის მიერ ადამიანის უფლებათა კონვენციის შემდეგი მუხლების დარღვევა:

  • მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება) – პროცედურული ნაწილი;
  • მე-3 მუხლი წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა);
  • მე-5 მუხლი (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება);
  • მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი (გადაადგილების თავისუფლება );
  • მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება);
  • 1 დამატებითი ოქმის 1 მუხლი (საკუთრების დაცვა).

დამატებით, სასამართლოს ინიციატივით დადასტურდა ასევე კონვენციის 38-ე მუხლის დარღვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთმა არ ითანამშრომლა სტრასბურგის სასამართლოსთან.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია, რომ მისი ვერდიქტი „ემყარება ევროკავშირის ფაქტების დამდგენი მისიის, ეუთო-ს, ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროსაბჭოს კომისრის, „ამნესთი ინთერნეიშენალის“ და „ჰიუმან რაითს ვოტჩის“ ანგარიშებში არსებული ინფორმაციას“.

რაც შეეხება 12 აგვისტოს შემდეგ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მომხდარ ინციდენტებში  რუსული მხარის უშუალო ან ირიბ მონაწილეობისა და ამის შედეგად დამდგარ პასუხისმგებლობას, ასეთი ფაქტები დიდი პალატის გადაწყვეტილებაში მრავლად არის მოყვანილი. 

სტრასბურგის სასამართლოს დასკვნით:

  • ბევრ შემთხვევაში რუსეთის ჯარი პასიურად ესწრებოდა ძარცვის სცენებს. რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის მოსახლეობის დაცვისა და მშვიდობისმყოფელი და სამართალდამცავი ოპერაციის ჩატარების განკარგულების მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლების მიერ განხორციელებული ზომები არასაკმარისი აღმოჩნდა სავარაუდო დანაშაულების თავიდან ასაცილებლად. ეს შესაძლოა, შეფასებული ყოფილიყო, როგორც „ოფიციალური შემწყნარებლობა“ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან, რაზეც ასევე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ამ უკანასკნელმა არ ჩაატარა სავარაუდო დარღვევების ეფექტიანი გამოძიება;
  • ვინაიდან ქართველი სამოქალაქო პირები ძირითადად საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ დააკავეს, სასამართლომ დაასკვნა, რომ ეს რუსეთის ფედერაციის იურისდიქციას ექვემდებარებოდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსული ძალების უშუალო მონაწილეობა აშკარად არ იყო ნაჩვენები, ის ფაქტი, რომ ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში შედიოდა, ნიშნავს, რომ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მოქმედებებზე პასუხისმგებლობაც ეკისრებოდა ამ უკანასკნელს;
  • სასამართლომ დაადგინა, რომ სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ სამხედრო ტყვეების მიმართ არასათანადო მოპყრობისა და წამების საქმეები აღნიშნულია მისთვის ხელმისაწვდომ სხვადასხვა წყაროებში. სტრასბურგში მოწმეების მოსმენაზე ორმა მოწმემ დეტალურად აღწერა ის მოპყრობა, რომელიც მათ მიმართ განახორციელეს სამხრეთ ოსეთის და ასევე რუსულმა ძალებმა…

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს განცხადებება, რომ „2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მომხდარ ინციდენტებში რუსი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით