„1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, როდესაც გენერალმა როდიონოვმა კომენდანტის საათი გამოაცხადა, ამის შემდეგ, კომენდანტის საათი გამოაცხადა მეორე როდიონოვმა, ბიძინა ივანიშვილმა“

მოწოდებული ინფორმაცია

2020 წლის 9 ნოემბერს, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას, თბილისში „კომენდანტის საათის“ შემოღებაზე ისაუბრა.

„ეს ადგილი, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი მოედანია, აქ 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, როდესაც რუსეთის საოკუპაციო საბჭოთა რეჟიმმა და კერძოდ, გენერალმა როდიონოვმა კომენდანტის საათი გამოაცხადა. ამის შემდეგ, კომენდანტის საათი მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის და არა ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის, ხაზს ვუსვამ, გამოაცხადა მეორე როდიონოვმა, ბიძინა ივანიშვილმა. ამიტომ, მეგობრებო, ეს კომენდანტის საათი არის თქვენი თავისუფლების ჩვეულებრივი შეზღუდვა, რომ გამოხვიდეთ ქუჩაში და გამოხატოთ თქვენი ბრაზი“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, კომენდანტის საათი არის საბჭოთა გადმონაშთი, რომელიც შეურაცხმყოფელია და ბოლოს ის 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ მოვისმინეთ.

გადამოწმებული: 1tv.ge

2007 წლის 7 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი მანიფესტაციის ძალადობრივი გზით დაშლისა და დამოუკიდებელი ტელეკომპანიების დახურვის შემდეგ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც  ძალაში 2007 წლის 9 ნოემბერს, პარლამენტის თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის ხელმოწერის შემდეგ შევიდა.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის ნომერ პირველი დეკრეტით კი, შეიზღუდა კონსტიტუციის 24-ე, 25-ე და 33-ე მუხლები, რომლებიც ინფორმაციის თავისუფლების, შეკრების და მანიფესტაციის და გაფიცვის უფლებებს შეეხებოდა.

საქართველოს „საკანონმდებლო მაცნეზე“ დაცული ინფორმაციის თანახმად, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 5-ჯერ გამოცხადდა. მათგან მედიას პირდაპირი შეზღუდვა მხოლოდ ერთხელ, 2007 წლის7 ნოემბერს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს შეეხო.

რაც შეეხება დღევანდელ ვითარებაში, 2020 წლის 9 ნოემბრიდან თბილისში „კომენდანტის საათის“ შემოღებას, ასეთი რამ არ მომხდარა: საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის №670 დადგენილება ითვალისწინებს საქართველოს რამდენიმე დიდ ქალაქში – თბილისში,  ბათუმში,  ქუთაისში,  რუსთავში,  გორში, ფოთსა და  ზუგდიდში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილების აკრძალვას როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნას.

აღნიშნული დადგენილებით, მოხდა ცვლილებების შეტანა „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში და არა „კომენდანტის საათის“ შემოღება, როგორც ამას გიგი უგულავა აცხადებს.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, 2020 წლის 9 ნოემბერს, გიგი უგულავას მიერ საპროტესტო აქციაზე გაკეთებული განცხადება („1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, როდესაც გენერალმა როდიონოვმა კომენდანტის საათი გამოაცხადა, ამის შემდეგ, კომენდანტის საათი თბილისში გამოაცხადა მეორე როდიონოვმა, ბიძინა ივანიშვილმა“) არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით