„1921 წლის მარტში ასწლიანი ვადა ეწურება რუსეთ-თურქეთის, ლენინ-ათათურქის მოსკოვის ხელშეკრულებას ამიერკავკასიის და საქართველოს გაყოფაზე“

მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 15 იანვარს, „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი, თავის ფეისბუქ-გვერდზე, სოფელ ბუკნარში რელიგიური ნიშნით მოსახლეობის დაპირისპირებას გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, ამ დაპირისპირებაში „დაზუსტებით ხედავს ერდოღან-პუტინის სამომავლო გარიგებას აჭარა-გურიაში თურქეთ-რუსეთის ე.წ სამშვიდობო ძალების შემოყვანაზე“.

შალვა ნათელაშვილის მტკიცებით, ასეთ საფრთხეს ისიც აძლიერებს, რომ „1921 წლის მარტში ასწლიანი ვადა ეწურება რუსეთ-თურქეთის, ლენინ-ათათურქის მოსკოვის ხელშეკრულებას ამიერკავკასიის და საქართველოს გაყოფაზე“.

შალვა ნათელაშვილის ეს ფეისბუქ-პოსტი სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებაც გაავრცელა. მათ შორის: „ტაბულამ“, „თვალსაზრისმა“, „თაიმერმა“ და სხვა.

გადამოწმებული: 1tv.ge

1921 წლის 16 მარტს, მოსკოვში, საბჭოთა რუსეთსა და თურქეთს შორის, ხელი მოეწერა „ძმობისა და მეგობრობის ხელშეკრულებას“, რომლითაც ამ ორ ქვეყანას შორის ახალი სახელმწიფო საზღვრები დადგინდა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაცია მოსკოვის მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა. მიუხედავად ამისა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თანხმობის გარეშე, რომელიც 1921 წლის 17 მარტამდე საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა, 1921 წლის 16 მარტს, რუსეთმა, „მოსკოვის ხელშეკრულებით“, საქართველოს ისტორიული ტერიტორიის ნაწილი ოსმალეთის ტერიტორიად აღიარა.

„მოსკოვის ხელშეკრულების“ რატიფიცირება საბჭოთა რუსეთმა 1921 წლის 20 ივლისს მოახდინა, ხოლო ოსმალეთმა – 1921 წლის 31 ივლისს.

მოსკოვში ხელმოწერილი 16-მუხლიანი დოკუმენტის პირველ მუხლში აღწერილია თურქეთის ამჟამინდელი საზღვარი – სარფიდან ნახჭევანამდე. რაც შეეხება ბათუმის ოლქს, მასზე საუბარია მეორე მუხლში, სადაც ვკითხულობთ: „თურქეთი თანახმაა, დაუთმოს თავისი სუვერენიტეტი საქართველოს ბათუმის პორტზე, ქალაქსა და იმ ტერიტორიაზე, რომელიც ამ ხელშეკრულების პირველ მუხლში მოცემული საზღვრის ჩრდილოეთით მდებარეობს…“.

ამასთან, „მოსკოვის ხელშეკრულების“ მე-15 მუხლით რუსეთი ვალდებულებას იღებს, რომ ამიერკავკასიის რესპუბლიკები მოსკოვის ხელშეკრულების პირობებს აღიარებენ.

 „მოსკოვის ხელშეკრულება” დღეს მოქმედი დოკუმენტია, რომელიც ადგენს თურქეთსა და რუსეთს შორის ურთერთობებს და მისი გაფორმების თარიღი თურქეთში ოფიციალურ დონეზე აღინიშნება.

ცოტა მოგვიანებით, 1921 წლის 13 ოქტომბერს გაფორმებული (ერთი მხრივ, თურქეთსა და მეორე მხრივ, ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის)  „ყარსის ხელშეკრულების“ პირობებიც „მოსკოვის ხელშეკრულების“ პრინციპების გაგრძელებას წარმოადგენს.

„მოსკოვის ხელშეკრულება“, ისევე როგორც „ყარსის ხელშეკრულება“, დაიდო უვადოდ, მასში არ არსებობს არც ერთი მუხლი, რომლითაც ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრება.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის განცხადება („1921 წლის მარტში ასწლიანი ვადა ეწურება რუსეთ-თურქეთის, ლენინ-ათათურქის მოსკოვის ხელშეკრულებას ამიერკავკასიის და საქართველოს გაყოფაზე“ და „ბუკნარის პროცესები გახდება პუტინ-ერდოღანის გარიგების სქემა „აჭარა-გურიაში თურქეთ-რუსეთის ე.წ სამშვიდობო ძალების შემოყვანაზე“) არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით