„15 წლის ბიჭი პფაიზერის სატესტო ვაქცინის გაკეთებიდან ორ დღეში გულის შეტევით გარდაიცვალა“

მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 22 აპრილს, აშშ-ს ვაქცინის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების ელექტრონულ სისტემაში (იგივე VAERS) 15 წლის თინეიჯერის გარდაცვალების თაობაზე ინფორმაცია აიტვირთა.

2021 წლის 1 მაისს, ამ ინფორმაციის საფუძველზე, ვებ-საიტმა InfoWars.com გამოაქვეყნა სტატია „15 წლის ბიჭი, რომელსაც ალერგია არ ჰქონდა, პფაიზერის ვაქცინის გაკეთებიდან ორ დღეში გარდაიცვალა“. Სტატიაში ნათქვამია, რომ სრულიად ჯანმრთელმა მოზარდმა პფაიზერის ვაქცინა 18 აპრილს გაიკეთა, მეორე დღეს შეუძლოდ გახდა და მალევე გარდაიცვალა.

2021 წლის 4 მაისს, ვებ-საიტზე  Welovetrump.com იგივე ინფორმაცია გავრცელდა სათაურით, „15 წლის ბიჭი, რომელსაც ალერგიის ისტორია არ ჰქონია, პფაიზერის ვაქცინის გაკეთებიდან ორ დღეში, გულის შეტევით გარდაიცვალა”. მასში ხაზგასმულია, რომ მოზარდის გარდაცვალების ერთადერთი მიზეზი პფაიზერის ვაქცინა იყო.

გადამოწმებული: 1tv.ge

15 წლის მოზარდის „პფაიზერის” ვაქცინით გარდაცვალების თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის პირველწყარო მონაცემთა ფედერალური ბაზაა, რომლის საშუალებითაც ვაქცინაციის უკუჩვენებების მონიტორინგი ხორციელდება. ეს სისტემა ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის (CDC) და ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) დაქვემდებარებაშია.

სისტემაში განაცხადის რეგისტრირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია და ამიტომ, აქ განთავსებული ინფორმაციის სანდოობა გარანტირებული არ არის. ამ სისტემის მთავარი მიზანია, ყველას შეეძლოს საკუთარი ისტორიის დაფიქსირება, მათზე რეაგირება კი პასუხისმგებელ ორგანოებს აკისრიათ.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში  ნათქვამია, რომ შეუძლებელია 15 წლის თინეიჯერს წვდომა ჰქონოდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, რადგან ამ ასაკის ჯგუფისთვის „პფაიზერის“ ვაქცინის ხელმისაწვდომობაზე შესაბამისი ორგანოები მხოლოდ მომავალ კვირას იმსჯელებენ. 

ამასთან, არსად არ არის მითითებული ვაქცინაციით ვითომდა გარდაცვლილი მოზარდის კონკრეტული მონაცემები – სახელი, გვარი, მშობლები, მისამართი და ა.შ.

ამგვარი ინფორმაციის გავრცელება,  შესაძლოა, უკავშირდებოდეს „პფაიზერის“ მიერ 12-15 წლის ასაკის ბავშვებში ვაქცინაციის დაწყების ავტორიზების მოთხოვნას.

ამდენად, სისტემა, სადაც მოზარდის „პფაიზერით“ გარდაცვალების თაობაზე პირველი ინფორმაცია აიტვირთა, წარმოადგენს ბაზას, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია განათავსოს ინფორმაცია და ეს ბაზა არ არის დაცული ყალბი ისტორიებისგან.

ვებ-გვერდების infowars.com-ის და WeLoveTrump.com-ის მიერ ინფორმაციის გავრცელების დროს, 15 წლის მოზარდისთვის შეუძლებელი იყო კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება. ამასთან, სახელმწიფო ორგანოები არ ადასტურებენ რომელიმე 15 წლის მოზარდის ვაქცინაციის და მის შედეგად გარდაცვალების ფაქტს. 

Ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ვებ-გვერდების infowars.com და WeLoveTrump.com გავრცელებული ინფორმაცია 15 წლის მოზარდის „პფაიზერის” ვაქცინაციის შედეგად გარდაცვალების თაობაზე, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით